logo
ENG



ჯაფარიძე: ყველა შეზღუდვა მოსახსნელია, პასუხისმგებლობა მოქალაქეებმა უნდა აიღონ

24 იან 202114:50
3 წუთის საკითხავი
clock 949

გირჩი - მეტი თავისუფლებას ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ კორონავირუსთან დაკავშირებული რეგულაციები უნდა მოიხსნას და ხელისუფლებამ მოქალაქეებს მუშაობის შესაძლებლობა მისცეს.

როგორც ჯაფარიძემ მთავრობის ადმინისტრაციასთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა, პასუხისმგებლობა მოქალაქეებმა თავის თავზე უნდა აიღონ.

"ჩვენს ქვეყანაში ადამიანებს დანაზოგები არ აქვს, პირიქით - ყველა ვალებშია. როდესაც ადამიანებს მუშაობის საშუალებას არ აძლევ, ეს ნიშნავს, რომ მშიერს ტოვებ, ვალებსაც ვეღარ იხდის და შეიძლება ცოტა ხანში ქონება დაკარგონ ყველამ, მათ შორის ბიზნესმაც. ამიტომ, გასახსნელია ყველაფერი, ყველა შეზღუდვა არის მოსახსნელი. საბოლოო ჯამში, პასუხისმგებლობა უნდა აიღონ თვითონ ადამიანებმა - ვისაც შეუძლია, სახლში იჯდეს იმიტომ, რომ აქვს დანაზოგი, არავინ არავის ექაჩება გარეთ ძალით. მაგრამ იმ ადამიანებს, ვისაც არ შეუძლია სახლში ჯდომა და უნდა იმუშაონ ყოველდღიურად, რომ 10-20-30 ლარი იშოვონ, იმათ არავინ უნდა უკრძალავდეს მუშაობას და გადაადგილების უფლებას", - განაცხადა ჯაფარიძემ.

მთავრობის ადმინისტრაციასთან კორონავირუსის გამო გახანგრძლივებული შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით აქცია იმართება. ორგანიზატორები ამბობენ, რომ ეს მხოლოდ გამაფრთხილებელი აქციაა და იმ შემთხვევაში, თუ გარკვეულ დროში ხელისუფლება მათ მოთხოვნებს არ შეასრულებს, პროტესტი გაგრძელდება.

22 იანვარს საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ მთავრობამ თებერვლიდან ქვეყნის გარკვეულ ნაწილში შეზღუდვების გახანგრძლივება დააანონსა, კერძოდ, რამდენიმე ქალაქში აღდგება ტრანსპორტი და სწავლა სკოლებში, თუმცა დიდ ქალაქებში, მათ შორის, დედაქალაქში ტრანსპორტისა და სკოლების გახსნა მარტამდე არ იგეგმება. 

სად რა შეზღუდვები იხსნება ან რჩება მარტამდე სრულად იხილეთ აქ.


close დახურვა