logo
ENG



ჩხოროწყუს მერიასთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დაპირისპირება მოხდა

03 თებ 202114:30
3 წუთის საკითხავი
clock 502

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის შენობასთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

ადგილზე შეკრებილმა სამოქალაქო აქტივისტებმა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა, მუნიციპალიტეტის მერს დავით გოგუას კონკრეტული დრო მისცეს იმისათვის, რომ მათ შეხვედროდა, თუმცა მოთხოვნას არავინ გამოხმაურებია.

ამის შემდეგ, აქციაში მონაწილე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა, რომლებიც საკრებულოს წევრები არიან, მერიის შენობაში შესვლა სცადეს, თუმცა სამართალდამცველებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს. აღნიშნულს აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოჰყვა. აქციის ერთ-ერთი მონაწილე აცხადებს, რომ დაცვის პოლიციის თანამშრომელმა ხელი გაარტყა.

მერიის შენობასთან საპროტესტო აქცია ამ წუთებშიც გრძელდება. ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებია მობილიზებული. 

ჩხოროწყუში, ერთ-ერთი სკოლის მოსწავლეები მერიის შენობაში მიიყვანეს და საპირფარეშოები დაასუთავებინეს. მას შემდეგ, რაც 31 იანვარს ფაქტის ამსახველი კადრები გავრცელდა, მოქალაქეებმა მუნიციპალიტეტის მერის გადადგომას და ყველა იმ პირის დასჯას ითხოვენ, ვინც მომხდარში მონაწილეობდა.

ჩხოროწყუს საგანმანათლებლო რესურსცენტრში აცხადებენ, რომ მათ არ იცოდნენ თუ სად მიდიოდნენ ბავშვები და როგორც კი საქმის დეტალები გაიგეს, ინფორმაცია შსს-ს მიაწოდეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ფორმულას უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით დაიწყო, რაც იძულებას გულისხმობს.


close დახურვა