logo
ENG



ჯანმო-ს მეცნიერთა კვლევით, Covid-19, სავარაუდოდ, ლაბორატორიიდან არ გავრცელებულა

10 თებ 202116:02
3 წუთის საკითხავი
clock 1523
2021/02/10/rligmsp455h2qye.jpeg

ხელისუფლების მხრიდან რამდენიმეთვიანი წინააღმდეგობის მიუხედავად, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან ჩინეთში ჩასულმა მეცნიერთა ჯგუფმა დაადგინა, რომ კორონავირუსის პანდემია, სავარაუდოდ, გაყინული საკვები პროდუქციის გადაზიდვის შედეგად გავრცელდა და არა ლაბორატორიიდან, რასაც პანდემიის დაწყებიდან დღემდე არაერთი მედიცინის ექსპერტი, თუ პოლიტიკური ლიდერი ვარაუდობდა. 

14 მეცნიერისგან შემდგარმა სპეციალურმა ბრიგადამ უხანში ლაბორატორიები, დაავადებათა კონტროლის ცენტრები და ცოცხალი ცხოველების ბაზრობები შეამოწმა. მონიტორინგს ჯანმო-ს ჯგუფი 12 დღის განმავლობაში ახორციელებდა, თუმცა ჩინეთის ხელისუფლების წინააღმდეგ სამხილების მოპოვების ნაცვლად, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ვირუსი, სავარაუდოდ, გაყინული საკვების გადაზიდვის შედეგად გავრცელდა - თეორია, რომელსაც ჩინელი მეცნიერების მიღმა, ცოტა თუ იზიარებდა. 

ჯანმო-ს ბრიგადამ ისიც კი განაცხადა, რომ ჩინეთის გარეთ კორონავირუსის ადრეული შემთხვევების კვლევას დაიწყებს, რათა დაადგინოს, იყო თუ არა Covid-19 მსოფლიოში გავრცელებული მანამ, სანამ უხანში ეპიდაფეთქება დაიწყებოდა. მსგავს კვლევას ჩინეთის ხელისუფლება პანდემიის დაწყების დღიდან ითხოვდა. 

"აუცილებელია ადრეული ცირკულაციის სამხილები გადამოწმდეს", - განაცხადა მარიონ კოოპმანსმა, ჯანმო-ს ჰოლანდიელმა ვირუსოლოგმა, რომელმაც, სხვა მეცნიერებთან ერთად, მოკვლევის წინასწარი შედეგები 3 საათიან პრესკონფერენციაზე გაასაჯაროვა. 

მეცნიერთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ყურადღების სხვა ქვეყნებზე გადატანა კვლევას ფოკუსს დააკარგვინებს. მათი აზრით, იმის გარკვევა, თუ რა მოხდა ჩინეთში ეპიდაფეთქების ადრეულ დღეებში, ახალი პანდემიის თავიდან აცილებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იქნება. 

თუმცა ჯანმო-ს მიერ დაწყებული მოკვლევა ჯერ კიდევ ადრეულ სტადიაზეა და მის დასრულებას შესაძლოა წლებიც დასჭირდეს. ორგანიზაციამ პირობა დადო, რომ მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში მონაცემთა ბაზის გამჭვირვალე და თანმიმდევრულ შემოწმებას ჩაატარებს. 

მიუხედავად იმისა, რომ, ამ დრომდე, კვლევის მხოლოდ წინასწარი შედეგებია ცნობილი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტების განცხადება ჩინეთს მნიშვნელოვან უპირატესობას აძლევს, განსაკუთრებით, იმის გათვალისწინებით, რომ არაერთი პოლიტიკური ლიდერი, მათ შორის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია, ჩინეთს პანდემიის ადრეული ცნობების დამალვაში სდებდა ბრალს.

"ეს ყველაზე ავტორიტეტული მხარდაჭერაა, რომელიც ჩინეთმა ამ მიმართულებით მიიღო", - განაცხადა იანზონგ ჰუანგმა, ჩინეთის საგარეო ურთიერთობათა საბჭოში გლობალური ჯანდაცვის მიმართულების ხელმძღვანელმა. 

მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერთა ჯგუფს სერიოზული გარღვევები ჯერ არ მოუხდენია, მათ კვლევის პროცესში მნიშვნელოვანი სამხილები მოიპოვეს, რაც კორონავირუსის წარმომავლობის შესახებ უფრო ცხად სურათს იძლევა. კვლევის წინასწარი შედეგებით, ვირუსი უხანში რამდენიმე კვირის განმავლობაში ცირკულირებდა მანამ, სანამ ის ჰუანანის ცოცხალი ცხოველების ბაზრობაზე აღმოჩნდებოდა - აქამდე ექსპერტები სწორედ ამ ბაზრიდან ვარაუდობდნენ ვირუსის თავდაპირველ გავრცელებას. Covid-19, სავარაუდოდ, ღამურებში გაჩნდა, ადამიანს კი სხვა ძუძუმწოვრის საშუალებით გადაედო, თუმცა ჯანმო-ს ექსპერტები ძუძუმწოვრის სახეობას ამ დრომდე ვერ აზუსტებენ.

"ყველა სამუშაო, რომელიც ვირუსის წარმომავლობის აღმოსაჩენად ჩატარდა, ბუნებითი წყაროებისკენ მიანიშნებს", - აცხადებს პიტერ ემბარეკი, საკვების უვნებლობის ექსპერტი, რომელიც ჯანმოს მეცნიერთა ბრიგადას ხელმძღვანელობს. 

ემბარეკის აზრით, ვირუსის ლაბორატორიებიდან გავრცელება "თითქმის წარმოუდგენელია", რაც მნიშვნელოვნად ეწინააღმდეგება მრავალი ექსპერტისა თუ პოლიტიკური ლიდერის ბრალდებას, თითქოს ჩინეთმა ვირუსი ხელოვნურად შექმნა, ბიოლოგიურ იარაღად გამოყენების მიზნით, ლაბორატორიებიდან კი უსაფრთხოების წესების უგულებელყოფის გამო გამოჟონა. 

თუმცა დასავლური ქვეყნების წარმომადგენელთა ნაწილს ჯანმო-ს მიერ ჩატარებული მოკვლევის მართებულობაში ეჭვი შეაქვს. მათი აზრით, ჩინეთის ხელისუფლება, შესაძლოა, კვლევის შედეგებზე ახდენდეს გავლენას. ჩინეთის ხელისუფლებამ არაერთხელ გადადო ჯანმო-ს ექსპერტების ვიზიტი და მათი მისიის მასშტაბის შემცირებაც არაერთხელ სცადა. ნდობას ჩინეთის სახელისუფლებო წარმომადგენლების უსაზღვრო კონტროლიც ართულებს, რაც ბადებს ეჭვს, რომ ჩინეთი ყველაფერს შეეცდება არახელსაყრელი ინფორმაციის გასაჯაროვებისთვის ხელის შესაშლელად. 

ჩინეთის ხელისუფლებამ მოკვლევის დაწყების დღიდან, ყურადღების სხვა ქვეყნებზე გადატანაც არაერთხელ სცადა. აშშ-ში ჩინეთის ელჩმა ცოტა ხნის წინ აშშ-ის ხელისუფლებას მოუწოდა, დაეშვათ ქვეყანაში ჯანმო-ს ექსპერტები, ვირუსის წარმომავლობის კვლევის მიზნით. 

ჩინეთის მაღალჩინოსნები სამშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე ცხადად ადვოკატირებდნენ იდეას, რომ თავდაპირველად ვირუსი, შესაძლოა, ჩინეთის საზღვრებს გარეთ გავრცელებულიყო. 

"კვლევა მხოლოდ რომელიმე ლოკაციაზე არ ჩატარდება", - განაცხადა ლიან ვანიანმა, რომელიც ჯანმო-ს ექსპერტებთან ერთად მომუშავე მეცნიერთა ჯგუფს ხელმძღვანელობს. მისი თქმით, ჩინელმა მეცნიერებმა ამ დრომდე ვერ აღმოაჩინეს სამხილი, რომ 2019 წლის დეკემბრამდე ვირუსი ჩინეთში მართლაც ცირკულირებდა. 

ვაშინგტონში ნეტ პრაისმა, სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა განაცხადა, რომ აშშ დასკვნების გამოტანამდე ჯანმო-ს კვლევის საბოლოოდ დასრულებას დაელოდება და შეაფასებს, რამდენად გამჭვირვალედ ითანამშრომლა ჩინეთის ხელისუფლებამ მკვლევარებთან

თუმცა ჯანმო-ს ექსპერტებს კვლევის გამჭვირვალობის შესახებ კითხვები ამ დრომდე არ გასჩენიათ. ორგანიზაციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ჩინელი კოლეგები და ქვეყნის ხელისუფლება ყველა საჭირო ადგილზე, ლაბორატორიასა, თუ ბაზარზე უზრუნველყოფს წვდომას. 

მიუხედავად იმისა, რომ სერიოზული მიგნებების გაკეთებამდე მინიმუმ რამდენიმეთვიანი სამუშაოები იქნება ჩასატარებელი, მომავალი თვეების განმავლობაში ჯანმო-ს სპეციალური ბრიგადის წარმომადგენლები კვლევის წინასწარ შედეგებს აუდიტორიას თანდათანობით გააცნობენ. 

 

 

 

 

 

 


close დახურვა