logo
ENG



თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ სასტუმრო ბუდაპეშტის მშენებლობა შეჩერებულია

15 თებ 202112:36
3 წუთის საკითხავი
clock 579

ვაკის პარკში სასტუმრო ბუდაპეშტის მშენებლობა შეჩერებულია. ამის შესახებ ფორმულას თბილისის მერიაში განუცხადეს. ჯერჯერობით უცნობია თუ რაზე შეთანხმდნენ მერია და ინვესტორი გიორგი ზაქაიძე.

ვაკის პარკის ტერიტორიაზე ინვესტორმა სასტუმრო ბუდაპეშტის მშენებლობა დღეს, 15 თებერვალს დაიწყო. ადგილზე მობილიზებული იყო სამშენებლო ტექნიკა.

ინვესტორი გიორგი ზაქაიძე აცხადებდა, რომ მას სასამართლოსგან აქვს მშენებლობის ნებართვა. ადგილზე იმყოფებოდნენ თბილისის მერიის ინსპექციის სამსახური. 

როგორც ფორმულას მერიაში განუცხადეს, ზაქაიძე ტერიტორიის მესაკუთრეა, მაგრამ მას მშენებლობის ნებართვა არ აქვს.

მერიის ინსპექციის სამსახურის წარმომადგენელმა ინვესტორს სამუშაოების შესაჩერებლად გონივრული ვადა მისცა.

მისი თქმით, ზაქაიძეს 2015 წლის დადგენილებით შეჩერებული აქვს სამშენებლო სამუშაოების ჩატარების ნებართვა. 

"2015 წლის დადგენილებით თქვენ გაჩერებული გაქვთ სამშენებლო წარმოების უფლება. მოგიწოდებთ, დაუყოვნებლივ შეაჩეროთ სამშენებლო სამუშაოები, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ გამოგიწერთ 50 000 ლარიან ჯარიმას", - განუცხადა ინსპექციის წარმომადგენელმა ზაქაიძეს.

ზაქაიძის განაცხადა, რომ თუ მას მერიის წარმომადგენელი შეხვდებოდა, სამშენებლო სამუშაოები გაჩერდებოდა. 

ცნობისთვის, სასტუმრო ბუდაპეშტის მშენებლობის ნებართვა 2013 წელს გაიცა. არასამთავრობო ორგანიზაცია მწვანე ალტერნატივამ მერიის გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა. საბოლოოდ, 2018 წელს კომპანიამ სასამართლო დავა მოიგო. თუმცა მშენებლობა ამ დრომდე არ დაწყებულა. 

2019 წლის 25 იანვარს თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ ვაკის პარკში სასტუმრო ბუდაპეშტი არ აშენდებოდა. მისი თქმით, საუბარი იყო ადგილმონაცვლეობაზე ან მერიის მიერ ტერიტორიის შესყიდვაზე.

 

 


close დახურვა