logo
ENG



გომელაური გახარიაზე: არანაირი დაპირისპირება ჩვენ შორის არ ყოფილა, არც ახლა არის

21 თებ 202120:36
3 წუთის საკითხავი
clock 622
2021/02/21/hoi45n74iugyfde.png

შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატი ვახტანგ გომელაური ამბობს, რომ მასსა და გიორგი გახარიას შორის არანაირი დაპირისპირება არ ყოფილა.

მისივე თქმით, გუნდში აზრთასხვადასხვაობა დაპირისპირებას არ ნიშნავს.

"არანაირი დაპირისპირება ჩვენ შორის არ ყოფილა, არც ახლა არის, რა თქმა უნდა. აზრთა სხვადასხვაობა გუნდში თუ იყო, ეს არ ნიშნავს დაპირისპირებას, პირიქით, ჯანმრთელი და სწორია, უნდა იყოს კითხვები და სხვადასხვა აზრები გუნდში", - თქვა გომელაურმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, იცოდა თუ არა, რომ გახარია გადადგომას აპირებდა, გომელაური პასუხობს, რომ იცოდა, რადგან მასთან კარგი ურთიერთობა აქვს.

"როგორ წარმოგიდგენიათ, შინაგან საქმეთა მინისტრმა არ იცის განცხადებამდე პრემიერის გადადგომის თემა? ნორმალური იქნებოდა? მით უმეტეს, კარგი ურთიერთობა მქონდა გახარიასთან და ახლაც მაქვს. როგორ შეიძლება ადამიანთან როცა მეგობრობ და ახლოს ხარ, არ გითხრას, რომ უნდა გადადგეს, ელემენტარული პატივისცემაა", - განაცხადა გომელაურმა.

გომელაური ამბობს, რომ სწორედ გახარიას განცხადების შემდეგ გადაწყვიტა, ნიკა მელიას დაკავების ღონისძიება შეეჩერებინა.

"ამ გადაწყვეტილების შემდეგ მოხდა ღონისძიების გაჩერება, მე გადავწყვიტე პირადად, რომ ღონისძიება შემეჩერებინა, მძიმე იქნებოდა შუა ღონისძიების დროს პრემიერის გადადგომა, არ იქნებოდა სწორი და გადავწყვიტე, რომ დაკავების ღონისძიება გამეჩერებინა", - აღნიშნა გომელაურმა.

გიორგი გახარიამ თანამდებობა 18 თებერვალს დატოვა. მისი თქმით, კონკრეტული ადამიანის მიმართ თუნდაც კანონიერი მართლმსაჯულებით განსაზღვრული ღონისძიების აღსრულება, თუ ეს რისკს უქმნის მოქალაქეების ჯანმრთელობას, სიცოცხლეს ან ქვეყანაში ქმნის პოლიტიკური ესკალაციის შესაძლებლობას, მისთვის მიუღებელი. მისივე განცხადებით, ამ საკითხში გუნდთან შეთანხმებას ვერ მიაღწია და სწორედ ამიტომ ტოვებს პოსტს.


close დახურვა