logo
ENG



ევროპარლამენტარი მელიას დაკავებაზე: ოპოზიციასთან ამ ფორმით ბრძოლა ევროპული გზა არ არის

23 თებ 202114:24
3 წუთის საკითხავი
clock 414

ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩუსი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებას ეხმაურება და აცხადებს, რომ პოლიტიკურ ოპოზიციასთან ამ ფორმით ბრძოლა ევროპული გზა არ არის.

მისი თქმით, საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ევროპულ ოჯახში წევრობის პერსპექტივაზე მნიშვნელოვანი ზეგავლენა ექნება.

"ნაციონალური მოძრაობის ოფისზე შტურმის მიტანა, ეს დაძაბული ვითარება ძალიან ცუდ მოგონებებს მახსენებს. ეს ნორმალური პოლიტიკური ცხოვრების ნაწილი ვერ იქნება, აქ რაღაც ფუნდამენტურად არასწორადაა და ეს არა ხალხს, არამედ პოლიტიკას ეხება. პოლიტიკა საქართველოში კუთხეშია მიმწყვდეული და ეს ძალიან სარისკოა. ვწუხვარ, ამის თქმა რომ მიწევს, მაგრამ პროცესები დასასრულთან ახლოსაა.  პოლიტიკურ ოპოზიციასთან ამ ფორმით ბრძოლა ევროპული გზა არ არის", - განუცხადა ფორმულას აუსტრევიჩუსმა.

მანვე აღნიშნა, რომ "საქართველო უკეთეს პოლიტიკოსებს იმსახურებს".

"ხალხმა უნდა გადაწყვიტოს და არა პოლიტიკოსებმა. პოლიტიკოსებს ვერ ეყოლებათ ქვეყანა ტყვედ, დემოკრატიული წესები არსებობს, რომელსაც უნდა მიჰყვე. საქართველო უკეთეს პოლიტიკოსებს იმსახურებს. იოლი არ იქნება ამ ვითარებიდან გამოსვლა, მაგრამ ეს რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს. ამჟამინდელი სიტუაცია არც საქართველოსთვის და არც ჩვენი პარტნიორობისთვის სახარბიელო არ არის. ეს ყველაფერი ჩვენი ურთიერთთანამშრომლობის პროცესში უამრავ ეჭვს წარმოშობს", - განაცხადა პეტრას აუსტრევიჩუსმა

დღეს, 23 თებერვალს, ნაციონალური მოძრაობის ოფისში სპეციალური დანიშნულების რაზმი შეიჭრა და ნიკა მელია ძალის გამოყენებით დააკავეს. სპეცრაზმმა ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენა.

მომხდარის გამო, ოპოზიციის ლიდერებმა 15:00 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან საპროტესტო აქცია დააანონსეს.


close დახურვა