logo
ENG



რიში, შაჰინი, კონოლი და კინზინგერი: დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ პოლიტიკური პატიმრები

24 თებ 202110:40
3 წუთის საკითხავი
clock 989
2021/02/24/eqvdze28xc5evge.jpg

ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები და კონგრესმენები საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

სენატორი ჯიმ რიში, ევროპის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე, სენატორი ჯინ შაჰინი, საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეები, ადამ კინზინგერი და ჯერი კონოლი, საქართველოს ხელისუფლებას "პოლიტიკური პატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ" მოუწოდებენ.

"საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება, ძალადობრივად შეჭრილიყო "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მთავარ ოფისში მისი ლიდერის, ნიკა მელიას და სხვა ათობით აქტივისტის დასაკავებლად, ფუნდამენტურად შემაშფოთებელია. საქართველოს სამართალდამცავი ძალების და სასამართლოს კორუმპირებული გამოყენება პოლიტიკურად მოტივირებული ქმედებების აღსასრულებლად, საფრთხეს უქმნის იმას, რაც საქართველოს დარჩა დემოკრატიისგან და ევრო-ატლანტიკური გზისგან.

მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკური პატიმრის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ, მათ შორის, ბატონი მელიასა და გიორგი რურუასი. ყველა პოლიტიკურმა პარტიამ საქართველოში პროვოკაციები უნდა შეწყვიტოს და მოილაპარაკოს კრიზისის მშვიდობიანი გადაწყვეტა", - ნათქვამია განცხადებაში.

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელია სამართალდამცველებმა ენმ-ის ოფისში ძალადობრივი შეჭრის შემდეგ 23 თებერვალს დააკავეს. მთავრობის კანცელარიასთან გამართული საპროტესტო აქციის შემდეგ, ოპოზიციის ლიდერებმა 26 თებერვალს აქცია-მსვლელობა დააანონსეს, რომელზეც მელიას გათავისუფლებას და ვადამდელი არჩევნების დანიშვნას მოითხოვენ. 

მოგვიანებით, ოპოზიციის ლიდერები ევროკავშირის ელჩ კარლ ჰარცელსაც შეხვდნენ და შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადეს, რომ ხელისუფლებასთან მოლაპარაკების პროცესში მთავარი მოთხოვნები კვლავ პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ვადამდელი არჩევნების დანიშვნა იქნება.

საერთაშორისო კრიტიკისა და ოპოზიციის პროტესტის პარალელურად, ახლადდამტკიცებულმა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მელიას დაპატიმრება "სახელმწიფოს ღირსების დასაცავად" იყო აუცილებელი და ოპოზიციას "გულწრფელი და პირდაპირი" დიალოგისთვის მზაობა განუცხადა.


close დახურვა