logo
ENG



კალაძე: კომპრომისი უნდა იყოს ორმხრივი, პოლიტიკურ დიალოგს ალტერნატივა არ აქვს

25 თებ 202114:55
3 წუთის საკითხავი
clock 1359
კალაძე: კომპრომისი უნდა იყოს ორმხრივი, პოლიტიკურ დიალოგს ალტერნატივა არ აქვს

ქართული ოცნების გენერალური მდივანი, კახა კალაძე აცხადებს, რომ ხელისუფლება და ოპოზიცია მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა დაბრუნდნენ და "კომპრომისი უნდა იყოს ორმხრივი". მისივე თქმით, შეუძლებელია მხარეები "ტელევიზიებით ესაუბრებოდნენ ერთმანეთს". 

"[საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან]არის მოლოდინი, რომ, როგორც ჩვენ ხელისუფლებამ, ასევე ოპოზიციამ უნდა მოვახერხოთ ერთმანეთთან საუბარი, პოლიტიკური დისკუსიის დაწყება, რადგან სხვანაირად წარმოუდგენელია, შეუძლებელია. ეს ყველაფერი აზიანებს არამხოლოდ პოლიტიკურ პარტიებს, არამედ, აზიანებს ჩვენი ქვეყნის განვითარებას, მომავალს.

საუბრის დაწყება, დისკუსია, კომპრომისები, თუნდაც, კომპრომისები ცალმხრივი ვერ იქნება, ეს უნდა იყოს ორმხრივი. ეს ყველაფერი აუცილებელია და დიალოგს არ აქვს ალტერნატივა. არც ახლა და არც მომავალში.

თუ მოლაპარაკებების მაგიდასთან არ დავსხდებით, როგორც მმართველი გუნდი, ისე ოპოზიციის წარმომადგენლები, შეუძლებელია დისტანციურად, ტელევიზიებით ვესაუბროთ ერთმანეთს.

ყველა ცივილურ, განვითარებულ ქვეყანაში ხდება პოლიტიკური კრიზისები. ამას შემდეგ სჭირდება მაგიდასთან დაჯდომას, საუბრები. ჩვენ არ ვითხოვთ პოლიტიკურ პარტიებს ერთმანეთი გვიყვარდეს, რაღაც არსებობს, პრინციპები სახელმწიფოებრივი, რასაც პატივისცემა სჭირდება, კანონს სჭირდება პატივისცემა. ამის ნათელი მაგალითი უნდა ვიყოთ ჩვენ. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ დიალოგს არ აქვს ალტერნატივა", - ამბობს კალაძე. 

ოპოზიციის დიდი ნაწილი კვლავ ბოიკოტის რეჟიმში რჩება. ისინი ახალი ადმინისტრაციის პირობებში ხელახალ არჩევნებს ითხოვენ. ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის ურთიერთობა განსაკუთრებით მას შემდეგ გამწვავდა, რაც პოლიცია ნაციონალური მოძრაობის ოფისში შეიჭრა და ნიკა მელია დააკავა. 

მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა მელიას აღკვეთი ღონისძიება გირაო პატიმრობით შეუცვალა. ნიკა მელიას დასაკავებლად პოლიცია გადაწყვეტილებიდან რამდენიმე საათში მივიდა, თუმცა ამ საკითხზე გუნდთან უთანხმოების გამო გიორგი გახარიამ პრემიერმინისტრის პოსტი დატოვა, რის გამოც შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაკავების ოპერაცია "დროებით" გადადო. გახარიას გადადგომის შემდეგ ოცნებამ პოსტზე ღარიბაშვილი წარადგინა, დამტკიცებიდან მალევე სპეცრაზმი ნაციონალური მოძრაობის ოფისში შეიჭრა და მელია ძალის გამოყენებით დააკავა. ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავებას საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან კრიტიკული გამოხმარებები მოჰყვა.


close დახურვა