logo
ENG



შსს აცხადებს, რომ ენმ-ის ოფისიდან ტექნიკა პრევენციისთვის წაიღეს, პარტია კი მას არ იბრუნებს

27 თებ 202119:25
3 წუთის საკითხავი
clock 1626
შსს აცხადებს, რომ ენმ-ის ოფისიდან ტექნიკა პრევენციისთვის წაიღეს, პარტია კი მას არ იბრუნებს
ვახო ქარელი/ფორმულა

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ნიკა მელიას დაკავების მიზნით ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისზე განხორციელებული შტურმის დროს მტკიცებულების სახით ამოღებული ტექნიკური მოწყობილობების დაბრუნებაზე პარტიის წარმომადგენლებს აცნობეს, თუმცა წაღებული ტექნიკის დაბრუნების მიზნით სამინისტროში გამოცხადებაზე პარტიის წევრებმა უარი განაცხადეს. 

სამინისტრო განმარტავს, რომ კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლებმა ოფისიდან ტექნიკა საქმისთვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებითი ინფორმაციის განადგურების, ან სამომავლოდ მოპოვებისთვის ხელის შეშლის საფრთხის ასარიდებლად ამოიღეს, ოფისზე მიტანილი შტურმის დროს განხორციელებული საგამოძიებო მოქმედებები კი სასამართლომ კანონიერად ცნო. 

სამინისტრომ ნაციონალურ მოძრაობას ოფიციალური წერილიც გაუგზავნა და კანონიერი წარმომადგენლის გამოყოფის შემთხვევაში ოფისიდან ამოღებული ტექნიკის გადაცემას დაჰპირდა.

ნაციონალური მოძრაობის ოფისზე ნიკა მელიას დაპატიმრების მიზნით შტურმი სამართალდამცველებმა 23 თებერვალს მიიტანეს. მაშინ პარტიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ დახურულ სივრცეში ცრემლსადენი გაზის გამოყენებისა და შენობის ინვენტარის დაზიანების გარდა, სამართალდამცველებმა ოფისიდად კომპიუტერული ტექნიკა, სერვერები და გამაგრილებელი სასმლები წაიღეს. 

სამინისტროს ცნობით, სამართალდამცველი სტრუქტურების მზაობის მიუხედავად, ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს ამოღებული ტექნიკის დასაბრუნებლად უწყებისთვის ამ დრომდე არ მიუმართავს. 

 


close დახურვა