logo
ENG



გამყრელიძე: ამ თვეში შემოვა ასტრაზენეკას დოზები, მივიღეთ ნოვავაქსის შესყიდვის შემოთავაზებაც

02 მარ 202112:25
3 წუთის საკითხავი
clock 1808
გამყრელიძე: ამ თვეში შემოვა ასტრაზენეკას დოზები, მივიღეთ ნოვავაქსის შესყიდვის შემოთავაზებაც

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ NCDC-მ ვაქცინის შესაძენად UNICEF-ს 575 ათასი აშშ დოლარი უკვე გადაურიცხა. 

გამყრელიძის თქმით, COVAX პლატფორმისგან შესყიდვებს საქართველო სწორედ გაეროს ბავშვთა ფონდის დახმარებით აწარმოებს. 

"დარწმუნებული იყავით, რომ COVAX პლატფორმიდან ვაქცინების პირველი პარტია შემოვა ამ თვეში და დიდი ალბათობით, ასტრაზენეკას ვაქცინით დაიწყება ვაქცინაცია ქვეყანაში". - თქვა ამირან გამყრელიძემ. 

მისივე თქმით, COVAX პლატფორმიდან საქართველომ ასევე მიიღო შემოთავაზება კიდევ ერთი ინოვაციური ვაქცინის, ნოვავაქსის შესყიდვის შესახებ, რომელიც პლატფორმაზე დაახლოებით 2 თვეში განთავსდება. 

"გუშინ COVAX პლატფორმიდან ასევე მივიღეთ შემოთავაზება მეორე ძალიან პერსპექტიული ვაქცინის, ამერიკული ნოვავაქსის შესყიდვის შესახებ. ნოვავაქსი COVAX პლატფორმაზე დაახლოებით 2 თვის შემდეგ განთავსდება. ეს არის ახალი, ინოვაციური ვაქცინა, რომელსაც საქართველო მიიღებს და ჩვენ, გარდა კოვაქს პლატფორმისა, ნოვავაქსთან და მის მწარმოებელთან გვაქვს პირდაპირი მოლაპარაკება დამატებითი დოზების შესახებ". - თქვა გამყრელიძემ. 

ის ასევე იმედს გამოთქვამს, რომ ქვეყანა კორონავირუსის ფაიზერის დოზებსაც მიიღებს. 

საქართველოს COVAX პლატფორმიდან ფაიზერის ვაქცინა 30 000 დოზამდე თებერვლის ბოლოს უნდა მიეღო, თუმცა, ეს გარიგება ჩაიშალა. 

როგორც პლატფორმამ ინტერპრესნიუსს მისწრეა, თებერვალში კორონავირუსის ვაქცინა იმ ქვეყნებმა მიიღეს, რომლებმაც კრიტერიუმები დააკმაყოფილეს. 

კოვაქსის ინფორმაციით, "ყველა მონაწილე ქვეყნის ეროვნულმა რეგულატორმა ავტორიზება უნდა მისცეს შემოსატან ვაქცინას; ასევე, ყველა მონაწილემ ვაქცინის მწარმოებლებთან უნდა გააფორმოს ზარალის ანაზღაურების კონტრაქტი, რათა კოვაქსის პლატფორმიდან დოზების მიღება შეძლოს".

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე უარყოფს, რომ მათ ვაქცინის მისაღებად შესაბამისი აპლიკაცია ვერ შეავსეს. 


close დახურვა