logo
ENG



სამადაშვილი: ოპოზიციის დანაწევრება ოცნების სტრატეგია და ტაქტიკაა, ამაში არ უნდა მივეხმაროთ

04 მარ 202121:47
3 წუთის საკითხავი
clock 919

ნაციონალური მოძრაობის წევრი სალომე სამადაშვილი ვადამდელი არჩევნების შესახებ პლებისციტის ჩატარების თაობაზე მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ "ოპოზიცია უნდა იყოს ძალიან ფრთხილად, რომ არ გააკეთოს რაიმე განცხადებები, რომელიც შეიძლება ქართულმა ოცნებამ გამოიყენოს". 

სამადაშვილს მიაჩნია, რომ "მნიშვნელობა არ აქვს ვინ დააფიქსირებს ახლა რაღაც განცალკევებულ პოზიციებს". 

"დღეს უბრალოდ მიმაჩნია, რომ არაფრისმომცემია საუბარი იმაზე, რაღაც დეტალებზე, ჩვენ როგორ მივუდგებით ვადამდელი არჩევნების საკითხს. ჩვენ მივაღწიეთ ძალიან დიდ რამეს, როდესაც მიშელის [ევროპული საბჭოს პრეზიდენტის] მიერ გაკეთებულ მოლაპარაკებების გეგმაში, სადაც არის ჩამოთვლილი, რა თემებზე უნდა შედგეს შეთანხმება, ჩაიწერა, რომ ვადამდელი არჩევნები არის ერთ-ერთი თემა, რომელზეც უნდა მოხდეს პროგრესი. ამიტომ, ახლა როდესაც ჩვენ ვართ ძალიან მგრძნობიარე მომენტში, მე უბრალოდ ვერ ვხედავ რისი მომცემია წინსწრებით განცხადება იმის, რომ ვადამდელ არჩევნებამდე მისასვლელ ერთ გზას ან მეორეს ჩვენ არ განვიხილავთ. ამას ხელზე დაიხვევს ქართული ოცნება და შეეცდება, რომ გამოიყენოს ჩვენს წინააღმდეგ", - ამბობს სამადაშვილი სოფო ზურაბიანის პოლიტიკის ფორმულაში

პოლიტიკოსი ფიქრობს, რომ "თუ ვინმე ჩაშლის ამ მოლაპარაკებების პროცესს, ეს იქნება ქართული ოცნება".

"ჩვენ ჩვენი მხრიდან უნდა გამოვიჩინოთ მაქსიმალური კონსტრუქციულობა იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ მზად ვართ, რომ ეს მოლაპარაკებები დაიწყოს და ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან საკითხად რჩება პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ვადამდელი არჩევნების თემა და კიდევ ერთი მომენტია ძალიან მნიშვნელოვანი - ჩვენ თუ დღემდე რამე წარმატებს მივაღწიეთ, მივაღწიეთ იმით, რომ ყველა ოპოზიციური პარტია აფიქსირებს გაერთიანებულ პოზიციას. ოპოზიციის დანაწევრება არის ქართული ოცნების სტრატეგია და ტაქტიკა, ამაში არ უნდა მივეხმაროთ", - განაცხადა სალომე სამადაშვილმა. 

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 4 მარტს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აცხადებს, რომ ოპოზიცია პლებისციტის მოდელს, რომელსაც მათ თავს ივანიშვილი ახვევს, არ უნდა დათანხმდეს. სააკაშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილს პლებისციტის ჩატარებით დროის გაწელვა სურს. 

ექსპრეზიდენტის თქმით, ივანიშვილი პლებისციტის ჩატარების პერიოდში ეცდება "ქვეყნიდან გაყაროს" ასობით ათასი აქტიური ამომრჩეველი და ამით დამატებითი უპირატესობა შეიქმნას.

იმ პოლიტიკოსების უმეტესმა ნაწილმა - 51-მა დეპუტატმა, რომლებმაც 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებით საპარლამენტო მანდატები მოიპოვეს, დეპუტატობაზე უარი თქვა - მათ არჩევნები გაყალბებულად მიიჩნიეს და ბოიკოტი გამოაცხადეს. მათ მალევე დაწერეს განცხადებები მანდატების შეწყვეტის მოთხოვნით. პარლამენტმა ოპოზიციური პარტიების 51 წევრისთვის მანდატების შეწყვეტის საკითხს მხარი არ დაუჭირა. ამ დრომდე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების 4 რაუნდი გაიმართა. თუმცა, ოპოზიციის მთავარი მოთხოვნები: ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლება და რიგგარეშე არჩევნების ჩატარება ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში არ დაკმაყოფილდა. ხელისუფლება უარს ამბობს ოპოზიციის შეთავაზებაზეც, ჩატარდეს პლებისციტი და ხალხმა გადაწყვიტოს, სურს თუ არა რიგგარეშე არჩევნები. 

4 რაუნდის გარდა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მედიაციით 1 მარტს ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის კიდევ ერთი შეხვედრა შედგა. შეხვედრაზე მიშელმა განსახილველად ჩარჩო საკითხები მიიტანა. როგორც მხარეებმა განაცხადეს, შეხვედრაზე პლებისციტზე არ უსაუბრიათ.


close დახურვა