logo
ENG



საოკუპაციო ხაზთან დათა პაპას სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს

21 მარ 202114:43
3 წუთის საკითხავი
clock 1356
2021/03/21/cykebwpwkobvjkx.jpg

სოფელ ხურვალეთში, საოკუპაციო ხაზთან დათა ვანიშვილის [დათა პაპა] სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.

დილიდან მავთულხლართებთან პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები მივიდნენ. მათ ადგილზე ყვავილები მიიტანეს და გარდაცვლილის ოჯახს თანადგომა გამოუცხადეს.

როგორც ნაციონალური მოძრაობის წევრმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა, დათა პაპა რუსეთისადმი მშვიდობიანი წინააღმდეგობის სიმბოლოა.

"დათა პაპა მართლაც სიმბოლო გახდა მშვიდობიანი წინააღმდეგობის რუსეთის მიმართ ჩვენს ქვეყანაში და ეს არის ის სამწუხარო რეალობა, რომ ჩვენ არც კი გვაქვს შესაძლებლობა, რომ მის ოჯახში მივიდეთ, პატივი მივაგოთ მის ხსოვნას, რადგან ეს მავთულხლართები არ გვაძლევს ამის შესაძლებლობას. ეს არის ის უმძიმესი რეალობა, რომელშიც ცხოვრობს უამრავი ჩვენი თანამოქალაქე. მავთულხლართებით გაყოფილი ოჯახები, დანგრეული ცხოვრება - ჩვენ ეს არ უნდა დავივიწყოთ", - განაცხადა სამადაშვილმა.

საოკუპაციო ხაზთან ასევე იმყოფებოდა პოლიტიკური პარტია დროას დამფუძნებელი ელენე ხოშტარია:

"ეს ადგილი მთელმა მსოფლიომ უნდა იცოდეს, როდესაც 21 საუკუნეში არსებობს ასეთი ველური სახელმწიფო, რომელიც პირდაპირ ადამიანების ეზოში, პირად სივრცეში იჭრება და მავთულხლართით უზღუდავს მათ არსებობის საშუალებას. დათა ვანიშვილი არის შეუგუებლობის სიმბოლო, რომელმაც თქვა, რომ „ჩემი სამშობლოს სიყვარული არის ეს, რომ ჩემს სახლს არ დავტოვებ და არ მაინტერესებს რამდენად საშიში შეიძლება ეს იყოს", - განაცხადა ხოშტარიამ.

ოკუპაციის სიმბოლოდ ქცეული დათა ვანიშვილი, იგივე დათა პაპა 19 მარტს, 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი დაკრძალვა დღეს უნდა მომხდარიყო, თუმცა ოჯახის გადაწყვეტილებით, ხვალისთვის გადაიდო. სავარაუდოდ, საოკუპაციო რეჟიმი ხვალ ​ე.წ. საზღვარზე გადასვლის უფლებას მხოლოდ ოჯახის წევრებს მისცემს.


close დახურვა