logo
ENG



"რადიკალების ქმედებები ანტირუსული პროვოკაციაა" - კარასინმა ღარიბაშვილს განცხადება მოუწონა

01 აპრ 202116:46
3 წუთის საკითხავი
clock 1674
"რადიკალების ქმედებები ანტირუსული პროვოკაციაა" - კარასინმა ღარიბაშვილს განცხადება მოუწონა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე და ფედერაციის საბჭოს წევრი გრიგორი კარასინი პროპაგანდისტი ვლადიმერ პოზნერის თბილისში ვიზიტის გარშემო განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და აქციის მონაწილეებს "რადიკალები" უწოდა.

როგორც კარასინმა აღნიშნა, "ქართველი რადიკალების ქმედებები შესაძლოა მიზანმიმართული ანტირუსული პროვოკაცია იყოს, რომელიც მიმართულია ორი ქვეყნის ურთიერთობების განვითარების ხელშეშლას". ის მომხდარს დადგმულ ისტორიას უწოდებს.

"ამ სამარცხვინო სიტუაციამ გამოააშკარავა სასტიკი დაპირისპირება ქართველ რადიკალებს სააკაშვილის პარტიიდან და საქართველოს ხელისუფლებას შორის. ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები, როგორც ყოველთვის უზნეოდ იქცევიან და ელემენტარული, ადამიანური ურთიერთობების ეთიკას არღვევენ", - თქვა კარასინმა. 

აღსანიშნავია, რომ კრემლის პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის შემდეგ საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება, კარასინმაც მოიწონა. 

"პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უკვე მისცა მომხდარს თავისი შეფასება. მის განცხადებაში რადიკალები მოხსენიებული არიან როგორც დეგრადირებული ჯგუფი, რომელთანაც შეუძლებელია ცივილიზებული დიალოგის წარმოება", - ამბობს კარასინი. 

შეგახსენებთ, რომ ვლადიმირ პოზნერი და მისი მეგობრები თბილისში გუშინ, 31 მარტს დაბადების დღის აღსანიშნავად ჩამოვიდნენ. ისინი ქვეყანაში დარჩენას 3 აპრილამდე გეგმავდნენ.

ქართველი აქტივისტები პოზნერს საპროტესტო აქციით დახვდნენ. პროტესტი გაიმართა როგორც რუმსთან, ისე ვინოტელთან, სადაც მან თანმხლებ პირებთან ერთად ივახშმა. აქტივისტებმა, პოლიტიკოსებთან ერთად პოზნერის საქართველოდან გაძევება მოითხოვეს. სამოქალაქო პროტესტის გამო პოზნერმა და მისმა თანმხლებმა პირებმა რესტორანი პოლიციის კორდონის გავლით დატოვეს.

აქტივისტები აპროტესტებდნენ არ მხოლოდ პოზნერის საქართველოში შემოშვებას, არამედ ჩამოსული პირების მიერ კომენდანტის საათისა და შეკრების შეზღუდვის დარღვევას. 

მომხდარს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ვლადიმირ პოზნერის ვიზიტით გამოწვეული საპროტესტო აქციების ფორმა "ყოვლად დაუშვებელი" იყო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პოზნერი და მისი თანმხლები პირები კორონავირუსის გამო დაწესებული რეგულაციების დარღვევისთვის დააჯარიმეს. პოზნერმა და მისმა მეგობრებმა ქვეყანა დღეს დილით დატოვეს.

ვლადიმერ პოზნერი რუსი ჟურნალისტი და პროპაგანდისტია. ის წლების განმავლობაში ამართლებდა საბჭოთა კავშირის, შემდგომში კი რუსეთის მიერ ჩადენილ დანაშაულებს.

მას ეკუთვნის გამონათქვამი: "აფხაზეთი არასდროს იქნება საქართველოს ნაწილი". 


close დახურვა