logo

ნიკა მელიას სასამართლო სხდომა 13 აპრილს გადაიდო

08 აპრ 202112:18
3 წუთის საკითხავი
clock 224
ვახო ქარელი/ფორმულა

ნიკა მელიას სასამართლო სხდომა 13 აპრილს, 11 საათისთვის გადაიდო. შესაბამისი გადაწყვეტილება მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. 

მანამდე, მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა და მელიას პროცესზე დასწრების უფლება მისცა. მელიას ადვოკატის, დიტო საძაგლიშვილის თქმით, ვინაიდან მოსამართლემ ბრალდებულის დასწრების შუამდგომლობა დააკმაყოფილა, სხდომა დღეს ვეღარ გაგრძელდებოდა. 

"ამ პროცესზე უკვე წარმოდგენილი იქნება ნიკა მელიაც და დიდი ალბათობით, ამავე პროცესზე მოხდება შეფარდებული პატიმრობის გადასინჯვა, ვინაიდან 16 აპრილი დედლაინია. არ მგონია, რომ 13 აპრილიდან 16 აპრილის შუალედში კიდევ ერთი სხდომა ჩაატარონ", - განმარტავს ადვოკატი.

პროკურატურა ნიკა მელიას 20-21 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას ედავება. 2019 წლის 27 ივნისის განჩინებით, მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო 30 000 ლარი და დამატებით შემზღუდავი ღონისძიებები, მათ შორის, ელექტრონული მონიტორინგი.

2020 წლის პირველი ნოემბრის აქციაზე ნიკა მელიამ სამაჯური მოიხსნა და ხალხში გადააგდო. თბილისის საქალაქო სასამართლოს 3 ნოემბრის გადაწყვეტილებით, ნიკა მელიას მიმართ მანამდე გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გამკაცრდა და გაიზარდა 40 000 (ორმოცი ათასი) ლარით, კერძოდ, 70 000 (სამოცდაათი ათასი) ლარამდე. 

მელიამ სწორედ ეს გირაო მიიჩნია უკანონოდ და არ გადაიხადა, რა საბაბითაც მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა 17 თებერვალს მელიას აღკვეთი ღონისძიება გირაო პატიმრობით შეუცვალა.

17 თებერვალსვე, მანამ, სანამ საქმის განხილვა დასრულდებოდა, ენმ-ის ოფისთან პოლიცია და სპეცრაზმი შეიკრიბა. მათ მელია უნდა დაეკავებინათ. დაკავებას ხელი მხარდამჭერების და ოპოზიციური პარტიების სიმრავლემ შეუშალა. ხოლო მას შემდეგ, რაც 18 თებერვალს, პრემიერმინისტრი გიორგი გახარია თანამდებობიდან გადადგა, შსს-მ განაცხადა, რომ მელიას დაკავების ოპერაცია დროებით გადაიდო. 

23 თებერვალს ნიკა მელია მაინც დააკავეს.  მის დასაკავებლად პოლიცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში შტურმით შევიდა და დახურულ სივრცეში წიწაკის გაზიც გამოიყენა. 

ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავებას  საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან კრიტიკული გამოხმარებები მოჰყვა.

close დახურვა