logo
ENG



როგორია კორონავირუსზე ვაქცინაციის სტატისტიკა საქართველოში - NCDC-ს მონაცემები

08 აპრ 202116:40
3 წუთის საკითხავი
clock 1751
როგორია კორონავირუსზე ვაქცინაციის სტატისტიკა საქართველოში - NCDC-ს მონაცემები

საქართველოში კორონავირუსზე ვაქცინაციის დაწყებიდან დღემდე, 25 დღეში 15 693 ადამიანია აცრილი. ამ დროისთვის, ორი მწარმოებლის პრეპარატს იყენებენ — ასტრაზენეკასა და ფაიზერს. ანდაცვის სამინისტრომ ჩინური სინოფარმის 100 ათასი დოზა შეისყიდა და ჩამოიტანა, თუმცა ჯერ მხოლოდ დასაწყობებისთვის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ავტორიზაციის მიღებამდე.

მაშინ, როდესაც მთავრობა ვირუსის მესამე ტალღას აანონსებს, ქვეყანაში არსებულ ვაქცინის დოზებს იმაზე ორჯერ ნაკლები მსურველი ყავს, ვიდრე იმუნიზაციის გეგმით გაიწერა.

დაავადებათა კონტროლის ცენტრიდან მიღებული მონაცემებით, 5 აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლით, დაჯავშნილი აცრების 79% მხოლოდ თბილისზე მოდის.

ამ პერიოდში დედაქალაქში სულ 15 149 პირმა გაიარა რეგისტრაცია, რეგიონებში -კი 3 924-მა.

სხვაობა შესამჩნევია მოსახლეობის რიკს ჯგუფების ჯავშნებსა და მედპერსონალს შორისაც, ამასთან, ყველაზე მეტი ჯავშანი აცრებზე თბილისშია. დედაქალაქში რეგისტრირებულია 55 წელს ზემოთ მყოფი 12 484 პირი და 2 665 მედპერსონალი.

5-30 აპრილის მონაცემებით, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში არცერთი მედპერსონალი არაა რეგისტრირებული ვაქცინაზე, ხოლო სამცხე-ჯავახეთში მხოლოდ 2 მედპერსონალის ჯავშანია. ასევე, 2 მედპერსონალის ჯავშანია გურიაშიც.

იმუნიზაციაში ჩართულ ორივე ვაქცინაზე ჯავშნები თითქმის თანაბარია - 9 663 ჯავშანია სულ ასტრაზენეკაზე, ფაიზერზე კი 9 410.ამასთან, ასტრაზენეკა 913-მა მედპერსონალმა აირჩია, ფაიზერი კი 2,796-მა ადამიანმა.

 


close დახურვა