logo

აშშ-ის საელჩო ენგურის გადმოკვეთის მცდელობისას დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს

08 აპრ 202121:19
3 წუთის საკითხავი
clock 117
2021/04/08/wd88z05c9i7mjtc.jpg

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო გუშინ, მდინარე ენგურის გადმოკვეთის მცდელობის დროს დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს. 

როგორც საელჩოს განცხადებაშია აღნიშნული, ადამიანის სიცოცხლის დაცვა მოითხოვს ყოველი მხრიდან ერთობლივი თანამშრომლობის გაგრძელებას, რათა მომავალში მსგავსი ტრაგედიები თავიდან იქნას აცილებული.

"აშშ-ს საელჩო გულითად სამძიმარს უცხადებს გუშინ მდინარე ენგურის გადაკვეთის მცდელობის დროს დაღუპული ქართველების ოჯახებსა და მეგობრებს; აგრეთვე ყველას ვინც განიცდის ჰუმანიტარულ კრიზისს, რომელიც შეიქმნა COVID-19 პანდემიისა და აფხაზეთის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე გადაადგილების შეზღუდვის შედეგად.

ვაფასებთ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ ენგურის ხიდის გავლით ჰუმანიტარული დერეფნის ხელშეწყობას. ადამიანის სიცოცხლის დაცვა მოითხოვს ყოველი მხრიდან ერთობლივი თანამშრომლობის გაგრძელებას, რათა თავიდან იქნას აცილებული გუშინ წყალში დახრჩობით გამოწვეული სიკვდილის მსგავსი მომავალი ტრაგედიები.

ეს შემზარავი გარემოება უკვე მრავალი წელია ყველას გვახსენებს რომ ოჯახებს უხდებათ წარმოუდგენელი არჩევანის გაკეთება, იყვნენ მათთვის საყვარელ ხალხთან ერთად, მიიღონ სამედიცინო დახმარება და განათლება, ან ოჯახი უზრუნველყონ საკვებით. აშშ-ის ერთგულება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ურყევია. ასევეა ჩვენი ერთგულება ამ ჰუმანიტარული კრიზისის შედეგად დაზარალებული ხალხის მიმართ", - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

7 აპრილს, მდინარე ენგურის გადმოცურვის დროს 4 ადამიანი დაიღუპა. ოკუპირებულ გალში მცხოვრებლებს ზუგდიდში პენსიის ასაღებად, მედიკამენტების და პროდუქტის შესაძენად გადმოსვლის დროს 5-დღიანი კარანტინის გავლა უწევთ, რის გამოც ისინი ხშირად ენგურის გადმოლახვას ამჯობინებენ. ზოგი შემთხვევა ტრაგიკულად სრულდება.

close დახურვა