logo
ENG



თურქეთმა უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადა

11 აპრ 202114:16
3 წუთის საკითხავი
clock 2013
თურქეთმა უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადა

თურქეთის პრეზიდენტმა ოკუპირებული ყირიმის რეინტეგრაციის პროგრამას მხარდაჭერა გამოუცხადა. 

"ანკარა მხარს უჭერს კიევის ინიციატივას, მოახდინოს "ყირიმის პლატფორმის" ფორმირება - პროგრამის, რომელიც ითვალისწინებს რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის რეინტეგრაციას". - ეს რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სტამბოლში, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე თქვა. 

ერდოღანმა ხაზი გაუსვა, რომ თურქეთი უკრაინასთან თანამშრომლობის მომხრეა. თუმცა, მისივე თქმით, ეს არ არის მიმართული სხვა ქვეყნების წინააღმდეგ. 

თუქეთის პრეზიდენტმა ასევე მიუთითა, რომ ანკარა შეშფოთებულია უკრაინის ჩრდილოეთში მზარდი დაძაბულობით და გამოთქვა იმედი, რომ უახლოეს მომავალში დონბასში ვითარების ნორმალიზება მოხდება., მინსკის შეთანხმების შესაბამისად.

თავის მხრივ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა თურქეთის მხრიდან კიევისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. 

ერდოღანის და ზელენსკის შეხვედრის შემდეგ უკრაინის და თურქეთის სტრატეგიული საბჭოს სხდომაც იყო. შემუშავდა ერთობლივი დეკლარაცია, რომლის მიხედვითაც, კიევი და ანკარა აგრძელებენ მუშაობას უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. 

ამასთან, ქვეყნები იმუშავებენ ყირიმელების ცხოვრების პირობების გაუმჯობესებისთვის, რაც ანექსიის შემდეგ შეიქმნა. ყირიმის ოკუპაცია რუსეთმა 2014 წელს მოახდინა. 

მანამდე, 9 აპრილს რეჯეფ თაიფ ერდოღანი ვლადიმირ პუტინს ტელეფონით ესაუბრა. პუტინმა მასთან საუბრისას თქვა, რომ ის, რაც დონბასში ხდება, "უკრაინის პროვოკაციაა".  

უკრაინაში, ოკუპირებულ დონბასთან ვითარება რამდენიმე კვირაა, კვლავ დაიძაბა. რუსული სამხედრო დანაყოფები უკრაინის მიმართულებით ისვრიან. 

ბოლო ინფორმაციით, 10 აპრილს რუსულმა შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინაში, დონბასში 10-ჯერ დაარღვიეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. დაიღუპა ერთი უკრაინელი ჯარისკაცი, კიდევ ერთი - დაიჭრა. 

უკრაინის ხელისუფლება აცხადებს, რომ სეპარატისტები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას სისტემატურად არღვევენ.

30 მარტს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, რუსლამ ხომჩაკმა თქვა, რომ რუსეთმა ე.წ საზღვართან სამხედრო ძალები გაააქტიურა და ოკუპირებული დონბასის ტერიტორიაზე წვრთნებით ინიღბება. თუმცა, გეგმავს, საფრთხე შეუქმნას უკრაინის სამხედრო უსაფრთხოებას. 

კრემლი ბრალდებას უარყოფს და ამბობს, რომ "რუსეთს საკუთარი შეხედულებისამებრ გადაჰყავს ჯარი საკუთარ ტერიტორიებზე და ეს სხვა ქვეყნებს არ ეხება". 

3 აპრილს უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდელი ტელეფონით ელაპარაკა. როგორც ზელენსკიმ თქვა, ბაიდენმა ის დაარწმუნა, რომ "უკრაინა არასდროს დარჩება მარტო რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ". 


close დახურვა