logo
ENG



"საჭიროა აკრძალვების და მკაცრი ზომების შემსუბუქება" - მეუფე ანდრია ხელისუფლებას მიმართავს

12 აპრ 202123:11
3 წუთის საკითხავი
clock 1191
2021/04/12/ssafeyo0hfvuq74.png

გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა) ხელისუფლებას კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქებას სთხოვს.

შეზღუდვების შესახებ მიტროპოლიტმა გორის საკათედრო ტაძარში, წირვის დასრულების შემდეგ ისაუბრა:

"ახლა მიდის საუბრები, რომ ზომები კიდევ უფრო მეტად უნდა გამკაცრდეს ან ის ძველი ნორმები იყოს დაბრუნებული და ამასთან დაკავშირებით მინდა ჩემი აზრი გამოვთქვა და ეს აზრი, როგორც თხოვნა გავაჟღერო. ვფიქრობ, რომ საჭიროა პირიქით, ამ აკრძალვების და მკაცრი ზომების შემსუბუქება. რა თქმა უნდა, ეს უნდა მოხდეს ძალიან გონივრულად. ჩვენ, მოქალაქეებმა, ხელი უნდა შევუწყოთ ხელისუფლებას ამ ზომების დაცვაში იმიტომ, რომ ყველას ეხება ეს, ეხება ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს - ადამიანის ჯანმრთელობას", - თქვა მიტროპოლიტმა.

მეუფე ანდრიამ ოთხი მიზეზი დაასახელა, რის გამოც, მისი აზრით, რეგულაციების შემსუბუქება აუცილებელია:

"პირველი არის ადამიანების ფსიქოლოგიური მდგომარეობა. ჩვენ მეორე წელია ვართ ამ ვითარებაში, ვხედავთ, რომ საზოგადოების წევრები უკვე შესამჩნევად არიან გაღიზიანებულები, თუნდაც ის ფაქტი, რამდენიმე დღის წინ რაც მოხდა, როდესაც ტაქსის მძღოლმა თავისი მანქანა დაწვა.

მეორე - თვითონ ეკონომიკური მდგომარეობა არის რთული. თუ მიეცათ საქმიანობის განხორციელებისთვის თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობა, რა თქმა უნდა, ეს შეუმსუბუქებს მდგომარეობას მოქალაქესაც და სახელმწიფოსაც. სახელმწიფოსაც მძიმე ტვირთად დააწვა ეს ვითარება, იგივე კომპენსაციები. მინდა აღვნიშნო, რომ კომპენსაციებზე გაცილებით მნიშვნელოვანია ადამიანებს მიეცეთ შესაძლებლობა ნორმების დაცვით საქმიანობის განხორციელების.

მესამე - ახლა ჩვენ ვისმენთ, რომ ზოგიერთი კომპანიები და მათი ხელმძღვანელები აშინებენ, რომ ვინც ვაქცინას არ გაიკეთებს, ვერ იმუშავებს ან ვერ შევა ამა თუ იმ დაწესებულებაში. მინდა ვთქვა, რომ კიდევ უფრო მეტად აპირისპირებს და აღიზიანებს ერთმანეთთან საზოგადოებას და ყველას ვთხოვდი, რომ ასეთი განცხადებები ამ ვითარებაში არ არის გასაკეთებელი, ჯობია თავი შეიკავონ.

მეოთხე საკითხი - ამ პანდემიის ვითარებაში ჩვენმა სამედიცინო პერსონალმა საკმაოდ კარგი გამოცდილება მიიღო და მათი პროფესიონალიზმი გაიზარდა. უკვე სამედიცინო მუშაკებმა კარგად იციან, როგორ უნდა ებრძოლონ ამ ვირუსს, რა ზომები არის განსახორციელებელი. სამწუხაროდ, კიდევ არის გარდაცვალების ფაქტები, მაგრამ ღვთის წყალობით, ექიმების პროფესიონალიზმით და ამავე დროს სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ზომებით, საკმაოდ დაბალია სიკვდილიანობა", - განაცხადა მიტროპოლიტმა ანდრიამ.


close დახურვა