logo
ENG



ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმომსვლელებისთვის 5-დღიანი კარანტინი გაუქმდა

14 აპრ 202113:56
3 წუთის საკითხავი
clock 2098
LivePress

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმომსვლელთა მიმართ მოქმედი რეგულაციები იცვლება. კერძოდ, 19 აპრილიდან, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეები, 5-დღიანი კარანტინის ნაცვლად, ანტიგენ-ტესტით ტესტირებას დაექვემდებარებიან.

ასევე, ისინი ნებაყოფლობით, ვაქცინაციის ეროვნული გეგმით განსაზღვრული ასაკობრივი ჯგუფების შესაბამისად, ვაქცინაციის პროცესში ჩაერთვებიან.

საბჭომ, ასევე გადაწყვიტა, რომ ვაქცინის ორი დოზით აცრილი პირები მომავალში საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას ტესტირების გარეშე შეძლებენ.

ხელისუფლებამ საოკუპაციო ხაზს მიღმა მცხოვრები ადამიანებისთვის კარანტინი მას შემდეგ გააუქმა, რაც 4 ადამიანი ენგურის გადმოკვეთისას დაიღუპა. რეგულაციის გაუქმებას მანამდეც ითხოვდნენ აქტივისტები, იმართებოდა საპროტესტო აქციები. 

7 აპრილს მდინარე ენგურში დაღუპულებს საოკუპაციო რეჟიმისგან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის ნებართვა ჰქონდათ, თუმცა, ქართული მხარის მიერ დაწესებული კარანტინის გამო სიცოცხლით გარისკეს.  ისინი ერთი ოჯახის წევრები იყვნენ.

გალის მცხოვრებლებს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლა საოკუპაციო რეჟიმმა 1 წლის წინ, მაშინ აუკრძალა, როცა კორონავირუსი გავრცელდა. დამატებით კი საქართველოს ხელისუფლება მათ კარანტინს უწესებს, რაც მდგომარეობას განსაკუთრებით ართულებს.  

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მომხდარზე მთელ პასუხისმგებლობას მხოლოდ საოკუპაციო რეჟიმს აკისრებს.


close დახურვა