logo
ENG



ბოკერია გახარიას გუნდზე: დააფიქსირონ პოზიცია ვადამდელ არჩევნებსა და პოლიტიკურ პატიმრებზე

14 აპრ 202115:28
3 წუთის საკითხავი
clock 465
ბოკერია გახარიას გუნდზე: დააფიქსირონ პოზიცია ვადამდელ არჩევნებსა და პოლიტიკურ პატიმრებზე

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია გიორგი გახარიას გუნდის ქართული ოცნებისგან გამოყოფას ეხმაურება და აცხადებს, რომ ამ ადამიანებმა ვადამდელ არჩევნებთან და პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით თავიანთი პოზიცია უნდა დააფიქსირონ. 

ბოკერია ამბობს, რომ ქართული ოცნების საპარლამენტო შემადგენლობაში რყევები ბუნებრივია. მისივე თქმით, "ეს უმძიმესი მდგომარეობა თვითონ ქართულმა ოცნებამ შექმნა თავისი მავნებლური ნაბიჯებით". 

"რაც შეეხება კონკრეტულად ამ ადამიანების გასვლას და გახარიას ფაქტორს, ჯერ მკაფიოდ დააფიქსირონ პოზიცია. პასუხი გასცეს ე.წ მათმა მათმა ლიდერმა გახარიამ უამრავ კითხვას, რომელიც მასთან არის. დააფიქსირონ პოზიცია როგორც ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით, ისე პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებასთან დაკავშირებით და მერე ვნახოთ რაოდენობა ამ ადამიანების", - ამბობს ბოკერია.

რაც შეეხება ვერსიას, რომ გახარიას შექმნილი პოლიტიკური პარტია ბიძინა ივანიშვილის მეორე გუნდი იქნება, ბოკერია აცხადებს, რომ ამას საფუძველი აქვს.

"ჯერჯერობით ჩვენ გახარიასგან და მისი გარემოცვიდან რაიმე მკაფიო პოლიტიკური პოზიცია არაფერზე არ მოგვისმენია. მე არ ვარ შეთქმულების თეორიების მომხრე, მაგრამ რა თქმა უნდა, იმ ვერსიას, რომ ეს ყველაფერი არის მცდელობა "ბ" გუნდის გაკეთების ივანიშვილის გარშემო, საფუძველი აქვს. თუ ეს ასე არ არის, გვაჩვენონ თავისი მოქმედებებით", - ამბობს ბოკერია.

გიორგი გახარიას გუნდმა ქართული ოცნება დატოვა. 

კერძოდ, მმართველი პარტია დატოვეს მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატებმა: გიორგი ხოჯევანიშვილმა, მიხეილ დაუშვილმა, ბექა ლილუაშვილმა, ანა ბუჩუკურმა, ალექსანდრე მოწერელიამ, შალვა კერესელიძემ. 

დეპუტატებმა განაცხადეს, რომ ისინი იზიარებენ დაშვებულ შეცდომებსაც. 

ისინი ექსპრემიერის პარტიას შეუერთდებიან, პარლამენტში კი მუშაობას დამოუკიდებელი დეპუტატების სტატუსით გააგრძელებენ. 

მმართველი გუნდის უკვე ყოფილმა წევრებმა თქვეს, რომ საზოგადოებას მეტ ინფორმაციას გიორგი გახარიასთან ერთად უახლოეს მომავალში მიაწვდიან. 

რაც შეეხება შეკითხვას, არის თუ არა ნიკა მელია პოლიტპატიმარი, ქართული ოცნების უკვე ყოფილი დეპუტატი, ბექა ლილუაშვილი აცხადებს, რომ ნიკა მელია პოლიტპატიმარი არ არის. 

თავად გიორგი გახარიამ პრემიერმინისტრის პოსტი და პარტია ქართული ოცნება 2021 წლის 18 თებერვალს დატოვა.

ექსპრემიერმა თანამდებობიდან წასვლის შემდეგ მედიასთან პირველი კომენტარი 22 მარტს გააკეთა. როგორც მან თქვა, ჭორების მიუხედავად, "არსად წასვლას არ აპირებს, პოლიტიკაში რჩება და ყველა არსებულ კითხვას პასუხი გაეცემა". 


close დახურვა