logo
ENG



"ამაზე გვექნება პოზიცია" - გახარიას გუნდის წევრს მელიას გათავისუფლებაზე პოზიცია არ აქვს

14 აპრ 202118:53
3 წუთის საკითხავი
clock 1244
2021/04/14/v13v0lc99k5eyzz.jpg

ქართული ოცნებიდან წასული დეპუტატი ბექა ლილუაშვილი, რომელიც მმართველი პარტიის გადამდგარი პრემიერის, გიორგი გახარიას გუნდის წევრია, არ გამოხატავს პოზიციას ნიკა მელიას გათავისუფლების შესახებ, თუმცა ამბობს, რომ გახარიას პარტიას დაპატიმრებული პოლიტიკური ლიდერის საკითხზე პოზიცია მომავალში ექნება. 

"ამასთან დაკავშირებით ჩვენ გვექნება პოზიცია", - ამბობს ლილუაშვილი ფორმულაში სტუმრობისას, - "დღეის მდგომარეობით, რაც შემიძლია გითხრათ, არის ის, რომ კომპრომისი უნდა მოხდეს ორივე მხრიდან". 

გახარიას გუნდის წევრებმა, რომლემბაც დღეს დატოვეს მმართველი პარტია, მათი ლიდერის მსგავსად, განაცხადეს, რომ ქვეყანას პოლარიზაციის სახით მძიმე გამოწვევა უდგას, და პარტიიდან მათი წასვლაც ამ პრობლემას დაუკავშირეს. 

იგივე განაცხადა საჯაროდ გიორგი გახარიამაც, როდესაც ნიკა მელიას დაპატიმრებამდე რამდენიმე საათით ადრე მოულოდნელად გადადგა, შედეგად კი, ოპოზიციის ლიდერის დაკავება შემდგომი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის დამტკიცებამდე გადაიდო. 

მიუხედავად იმისა, რომ ლილუაშვილი მმართველი პარტიის მხრიდან სავარაუდო კომპრომისის შესახებ პოზიციას არ გამოთქვამს, ის დარწმუნებულია, რომ კომპრომისი აუცილებელია.

"კიდევ ერთხელ ვიძახი, ეს არის პოლიტიკური პროცესი, მთავარი პრობლემა აქ არის პოლარიზაცია", - ამბობს ლილუაშვილი, - "ის, რომ ვაკვირდებით, თვეების განმავლობაში, რომ კომპრომისი არცერთი მხრიდან არ დაფიქსირებულა".  

ამ დრომდე უცნობია თავად გახარიას პოზიციები, ყოფილი პრემიერი გადადგომის შემდეგ მხოლოდ რამდენიმე საკითხს გამოეხმაურა საჯაროდ, მედიასთან კი დაადასტურა, რომ სამომავლო პოლიტიკური გეგმები აქვს. 

ქართული ოცნების რიგებიდან გახარიას გუნდს დეპუტატები გიორგი ხოჯევანიშვილი, მიხეილ დაუშვილი, ბექა ლილუაშვილი, ანა ბუჩუკური, ალექსანდრე მოწერელია, შალვა კერესელიძე შეუერთდნენ. მათი წასვლის შემდეგ პარლამენტში ქართული ოცნებას 84 დეპუტატი დარჩა. 

 

close დახურვა