logo
ENG



ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებულები სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

15 აპრ 202113:01
3 წუთის საკითხავი
clock 1174

ფორმულას ტელეწამყვან ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებული სამივე პირი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.

როგორც დაზარალებულის ადვოკატმა, ედუარდ მარიკაშვილმა განაცხადა, სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრალდებულებისგან მომდინარე საფრთხეები კვლავ ძალაში რჩებოდა და ამიტომ, მათ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა განესაზღვრათ.

„სასამართლომ მიიჩნია, რომ საფრთხეები რჩებოდა ძალაში და სამივე ბრალდებულის მიმართ გამოეყენებინა პატიმრობა, როგორც აღკვეთის ღონისძიება. გვქონდა საშუალება, გავცნობოდით საქმის მასალებს და არსებობს პირდაპირი მტკიცებულებები, რომლებიც თანხვედრაში არის დაზარალებულის პოზიციებთან, გაცხადებული მის საჯარო განცხადებებში.

ეს არაა მხოლოდ ვახო სანაიაზე თავდასხმის საქმე. მნიშვნელოვანი საქმეა მედიის თავისუფლების მიმართ. საზოგადოების გარკვეული ნაწილი წახალისებულია  მედიაზე თავდასხმის კუთხით. საქმეზე უნდა გამოვიდეს სწორი გადაწყვეტილება - ესაა ჩვენი პოზიცია", - აცხადებს ედუარდ მარიკაშვილი.

ვახო სანაიასა და მის ოჯახს თავს 25 თებერვალს, გამთენიისას დაესხნენ.  როგორც ტელეწამყვანი ყვება, თავდასხმა მის ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირდება. სანაიამ თავდასხმის შედეგად სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო, დაშავდა მისი რძალიც.

ვახო სანაია დაზარალებულად 26 თებერვალს ცნეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ჯგუფურად ძალადობის ბრალდებით სამი პირია დაკავებული. მათი თქმით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულებმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ჯგუფურად ფიზიკური ძალადობა განახორციელეს ვახო სანაიასა და მისი ნათესავის მიმართ. 

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის "ბ" და "გ" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს. დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 


close დახურვა