logo
ENG



თეა წულუკიანი: კარგი იქნება, თუ ბესო ზანგური დღესვე, სასწრაფოდ დატოვებს თეატრს

16 აპრ 202110:07
3 წუთის საკითხავი
clock 7433
თეა წულუკიანი: კარგი იქნება, თუ ბესო ზანგური დღესვე, სასწრაფოდ დატოვებს თეატრს

კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა მსახიობ ბესო ზანგურს ძალადობაზე ბრალდებების შემდეგ თეატრის "დღესვე" დატოვებისკენ მოუწოდა, რობერტ სტურუაზე კი თქვა, რომ არ გათავისუფლდება.

წულუკიანმა ამ თემაზე ჟურნალისტებთან, მომხდარიდან რამდენიმე დღის შემდეგ ისაუბრა. 

"კარგი იქნება, თუ დღესვე, სასწრაფოდ დატოვებს თეატრს, რადგან მე მოწოდების გარდა არაფერი შემიძლია", - განაცხადა თეა წულუკიანმა და ბესო ზანგურს მოუწოდა, ითანამშრომლოს გამოძიებასთან. 

მანამდე, მანვე განაცხადა, რომ რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, რობერტ სტურუა თეატრში დარჩება, რადგან "მას მხოლოდ ერთი ბადალი თუ ჰყავს". 

"ბატონ რობერ სტურუასთან დაკავშირებით პირდაპირ გეტყვით, რომ მისი გათავისუფლება არ იგეგმება. ასევე, გაცხადდა, რომ ის წასლას არ აპირებს. ეს არის ის ადამიანი, რომელსაც დამეთანხმებით, მხოლოდ ერთი ბადალი თუ ჰყავს, ჩვენ მას, ყველამ ერთად, პირველ რიგში, მსახიობებმა და მინისტრმა უნდა მივცეთ შესაბამისი საშუალება, რომ იმუშავოს. კარგი იქნება, თუ შევწვეტთ მასზე თავდასხმებს", - თქვა მან.

მსახიობმა ნინუცა მაყაშვილმა ყოფილი ქმრის ბესო ზანგურის მხრიდან სისტემატური ძალადობის შესახებ რუსთავი 2-ის გადაცემა ფარულ კონვერტში ისაუბრა. მსახიობის ნაამბობმა თეატრის მსახიობებს შორის აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია - უმეტესმა მათგანმა სავარაუდო ძალადობის მსხვერპლ ქალს მხარი დაუჭირა, თუმცა რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა რობერტ სტურუამ და თეატრალური საზოგადოების რამდენიმე ცნობილმა წარმომადგენელმა სავარაუდო მოძალადეს გამოუცხადა მხარდაჭერა. რობერტ სტურუამ ძალადობის თემაზე ქალების საჯაროდ საუბარზე ფეისბუქზე დაწერა:

"ქ ა ლ ე ბ მ ა 1937 წელი დაიწყეს! რ ე პ რ ე ს ი ე ბ ი!"

აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, ნინუცა მაყაშვილის ინტერვიუს აქტიური გამოხმაურება მოჰყვა, რის გამოც, რუსთაველის თეატრმა ბესო ზანგურის მონაწილეობით დადგმული სპექტაკლი ჩახსნა, თუმცა მსახიობი თეატრიდან არ გაათავისუფლა.


close დახურვა