logo
ENG



ნინუცა მაყაშვილზე შესაძლო ძალადობის საქმეს ომბუდსმენი შეისწავლის

16 აპრ 202120:00
3 წუთის საკითხავი
clock 1164
2021/04/16/roev9ebyfw5wwhe.jpeg

მსახიობ ნინუცა მაყაშვილზე შესაძლო ძალადობის საქმის შესწავლას სახალხო დამცველი იწყებს. ინფორმაცია ომბუდსმენის ოფისმა გაავრცელა.

სახალხო დამცველი მოუწოდებს საჯარო პირებს, თავი შეიკავონ ძალადობის წამახალისებელი განცხადებების გაკეთებისგან.

„საქართველოს სახალხო დამცველს მნიშვნელოვნად მიაჩნია საგამოძიებო უწყებების მხრიდან ეფექტიანი რეაგირება, რათა სავარაუდო დანაშაულს პასუხი კანონის ფარგლებში გაეცეს. ამასთან, მოუწოდებს საზოგადოებას და განსაკუთრებით საჯარო პირებს, თავი შეიკავონ ძალადობის წამახალისებელი, მისი მნიშვნელობის დამაკნინებელი და დისკრიმინაციული განცხადებებისგან.

სახალხო დამცველის აპარატი, მისთვის მინიჭებული მანდატის ფარგლებში, შეისწავლის აღნიშნულ შემთხვევას და მასზე შესაბამისი უწყებების მხრიდან განხორციელებულ რეაგირებას", - ვკითხულობთ განცხადებაში.

მსახიობმა ნინუცა მაყაშვილმა ყოფილი მეუღლის ბესო ზანგურის მხრიდან სისტემატური ძალადობის შესახებ რუსთავი 2-ის გადაცემა ფარულ კონვერტში ისაუბრა.

თეატრის მსახიობების უმეტესობამ სავარაუდო ძალადობის მსხვერპლ ქალს მხარი დაუჭირა, თუმცა რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა რობერტ სტურუამ და თეატრალური საზოგადოების რამდენიმე ცნობილმა წარმომადგენელმა სავარაუდო მოძალადეს გამოუცხადა მხარდაჭერა. 

დღეს ცნობილი გახდა, რომ მსახიობი ბესო ზანგური, რომელსაც ყოფილი მეუღლე ძალადობაში ადანაშაულებს, დროებით ყველა როლიდან მოხსნეს.


close დახურვა