logo
ENG



გიორგი მარგველაშვილის სიძეს, მინდია გოგოჭურს 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

17 აპრ 202110:42
3 წუთის საკითხავი
clock 2832

გიორგი მარგველაშვილის სიძეს, მინდია გოგოჭურს 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. 

პროკურატურის განცხადებით, მას ბრალად ედება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებაში, ძალადობაში, პოლიციის თანამშრომლების მიმართ წინააღმდეგობის გაწევა  და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა ედება. 

გადაწყვეტილება ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ მიიღო. 

გამოძიების მიხედვით, 2020 წლის 18 ივლისს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში, შეკვეთილის დასახლებაში მდებარე სასტუმრო „პარაგრაფში“ მ.გ.-ს შელაპარაკება მოუვიდა გ.ბ.-სთან, რა დროსაც განაწყენებულმა მ.გ.-მ ცეცხლსასროლი იარაღით, რომელიც მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და ინახავდა, ფიზიკური ძალადობა განახორციელა გ.ბ.-ს მიმართ და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.  

სამართალდამცველებმა მ.გ. 2020 წლის 19 ივლისს ბათუმში დააკავეს. დაკავებისას მ.გ.-მ წინააღმდეგობა გაუწია მის დასაკავებლად მისულ შსს -ს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს პ.ხ.-ს, მ.გ.-ს, ს.ს.-ს და ზ.მ.-ს, რა დროსაც სახის არეში  ზ.მ.-ს დაზიანება მიაყენა.  

პროკურატურა ამბობს, რომ მ.გ.-ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული იქნა MAKAPOB-ის მოდელის 9 მმ კალიბრის ცეცხლსასროლ იარაღი და ხუთი ვაზნა, ასევე დიდი ოდენობით 0, 648 გრ. ნარკოტიკული საშუალება  „ჰეროინი“ 

მ.გ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ძალადობა), 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება),  353-ე მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა), 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ მ.გ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებებში და  სასჯელის სახედ და ზომად 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.


close დახურვა