logo
ENG



მინაშვილი შარლ მიშელის ახალ დოკუმენტზე: ენმ დოკუმენტის ამ ვერსიას ხელს არ აწერს

19 აპრ 202112:05
3 წუთის საკითხავი
clock 1019

ნაციონალური მოძრაობის წევრის, აკაკი მინაშვილის თქმით, ნაციონალური მოძრაობა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ახალ დოკუმენტს ხელს არ მოაწერს.

მინაშვილი ამბობს, რომ დოკუმენტში არის საკითხები, რომლებიც მათთვის ბუნდოვანია.

"ამ ვერსიით, რაც არის წარმოდგენილი, ნაციონალური მოძრაობა ამ დოკუმენტს ხელს არ აწერს. პირველ რიგში, ბუნდოვანია პოლიტიკური პატიმრების გამოშვების თემა. აქ არის საუბარი გირაოზე და თქვენ იცით ჩვენი პოზიცია გირაოზე. ასევე, არის საუბარი ამნისტიაზე და იმ ჩანაწერით, რაც არის შეთანხმებაში, არის ძალიან ფართო ამნისტია და მოიცავს იმ ადამიანებს და იმ საჯარო მოხელეებს, ვინც ძალადობით ზიანი მიაყენა მათ, ვინც გამოხატავდა თავის პროტესტს რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ", - ამბობს მინაშვილი.

მისივე თქმით, დოკუმენტის მიხედვით, გაურკვეველია, როდის ხდება საარჩევნო ადმინისტრაციის ცვლილება. 

"სუსტი წერტილებია ის, რომ ცესკოს თავმჯდომარე უნდა დარჩეს კიდევ ორი წელი. გაურკვეველია როდის ხდება საარჩევნო ადმინისტრაციის ცვლილება. გენერალური პროკურორი ისევ უნდა დარჩეს, ახალ მოსამართლეებზე საუბარი საერთოდ არ არის", - ამბობს მინაშვილი. 

მინაშვილი აღნიშნავს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგებზე ვადამდელი არჩევნების მიბმა არასწორი მიდგომაა, რადგან  თვისობრივად სხვადასხვა არჩევნებია. 

"ის შემოთავაზება, რომელიც ეხება ადგილობრივი არჩევნების შედეგებზე ვადამდელის მიბმას. ეს არის არასწორი მიდგომა, თვისობრივად სხვადასხვა არჩევნებია და ასეთი მიდგომა კიდევ უფრო გაამძაფრებს და დაამძიმებს ვითარებას და კიდევ უფრო მეტ პოლარიზებას მოახდენს, ამიტომ ეს ჩვენთვის არის მიუღებელი", - ამბობს მინაშვილი და განმარტავს, რომ მოლაპარაკების სივრცის გახნისთვის, ნიკა მელია უპირობოდ უნდა გათავისუფლდეს.

"ნებისმიერი შეთანხმებისთვის სივრცე რომ გაიხსნას, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია, რომელიც არჩეული იყო 20 000-ზე მეტი მხარდამჭერის მიერ და რომელიც დაკავებულია პოლიტიკური ნიშნით, უპირობოდ უნდა იყოს გათავისუფლებული. ასევე, მკაფიო უნდა იყოს რურუას გათავისუფლების მექანიზმები", - აცხადებს მინაშვილი. 

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი პოლიტიკურ პარტიებს ახალ დოკუმენტს სთავაზობს.

დოკუმენტის ერთერთ პუნქტში წერია, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები უნდა დაინიშნოს 2022 წელს, იმ შემთხვევაში, თუ მმართველი პარტია 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს.

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ ხელმომწერებმა შეთანხმების მიღწევიდან 1 კვირის ვადაში უნდა გადადგან ნაბიჯები 2 საქმეზე, რომლებიც პოლიტიკურად აღიქმება, ამნისტიით და/ან ისეთი ნაბიჯების გადადგმით, რომელიც ეკვივალენტურ შედეგს მოიტანს.

კონკრეტულად, შეთანხმების ხელმოწერიდან ერთ კვირაში, პარლამენტში წარმოდგენილმა პარტიამ უნდა მოახდინოს კანონპროექტის ინიცირება, რომლითაც ამნისტია შეეხება 2019 წლის 19-21 ივნისიდან ყველა დარღვევას და საქმეს.

რა წერია მედიატორების შემოთავაზებულ ახალ დოკუმენტში, წაიკითხეთ აქ

 
 

close დახურვა