logo
ENG



სააკაშვილი: გაუგებარია, რატომ 43% და არა 50%?

19 აპრ 202113:57
3 წუთის საკითხავი
clock 386
სააკაშვილი: გაუგებარია, რატომ 43% და არა 50%?

მიხეილ სააკაშვილისთვის გაუგებარია დასავლელი პარტნიორების მიერ შეთავაზებულ დოკუმენტში გაკეთებული ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, რიგგარეშე არჩევნები უნდა ჩატარდეს 2022 წელს იმ შემთხვევაში, თუ მმართველი პარტია - ქართული ოცნება 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებს. 

"გაუგებარია, რატომ არის 43% და რატომ არ არის 50%? თუ ქართველი ხალხის უმრავლესობის მხარდაჭერაზეა, 43%- რა? ბაზარში ვართ, ვვაჭრობთ, ყველს ვყიდულობთ? ეს არის ის თემა, რომელიც ჩემთვის არის კითხვა

ვთქვათ 43%, მაგრამ ეს 43% ვინ უნდა დაითვალოს. ისევ თამარ ჟვანიამ? როგორც წერია ამ დოკუმენტში, 8 პროფესიულ წევრს ნიშნავს ისევ ცესკო, რვავე წევრი იქნება ქართული ოცნების წევრი", — აცხადებს სააკაშვილი". - თქვა სააკაშვილმა მთავარი არხის ეთერში. 

მისივე შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ "პრაქტიკულად პირველად, ქართულმა ოცნებამ აღიარა, რომ შესაძლებელია ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები", თუმცა, "ეშმაკი დეტალებშია".

დასავლელმა მედიატორებმა საქართველოს ხელისუფლებას და ოპოზიციას მოლაპარკების მიღწევის მიზნით ახალი დოკუმენტი 18 აპრილს შესთავაზეს, რომელშიც, კრისტიან დანიელსონის წინადადებისგან განსხვავებით, ნახსენებია რიგგარეშე არჩევნების და პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხი. 

  • ახალ წინადადებაში ნათქვამია, რომ შეთანხმების მიღწევიდან 1 კვირის ვადაში უნდა გადაიდგას ნაბიჯები 2 საქმეზე, რომლებიც პოლიტიკურად აღიქმება, ამნისტიით და/ან სხვა ნაბიჯებით, რომლებიც ანალოგიურ შედეგამდე მიგვიყვანს. 
  • რომ ყველა შემდგომი საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს სრულად პროპორციული წესით. მომდევნო 2 საპარლამენტო არჩევნებზე ბარიერი უნდა იყოს ბუნებრივი - 0%-დან 2%-მდე. 
  • და რომ რიგგარეშე არჩევნები ჩატარდეს 2022 წელს იმ შემთხვევაში, თუ მმართველი პარტია, ქართული ოცნება 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებს.  

დოკუმენტს ხელი უკვე მოაწერა "გირჩის" სამმა წევრმა: ვახტანგ მეგრელიშვილმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა და იაგო ხვიჩიამ. 

მმართველი პარტია, ქართული ოცნება აცხადებს, რომ რომ დოკუმენტს გუნდთან ერთად განიხილავს, "განახლებული დოკუმენტის ხელმოწერის შემდეგ კი პირობების მეტი კორექტირება აღარ მოხდება და არ დაეთანხმებიან რაიმე შინაარსობრივ დამატებას".

დოკუმენტის ხელმოწერას ემხრობა გიგი უგულავა, ასევე ლელოს ლიდერი მამუკა ხაზარაძე და სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი, გიორგი ვაშაძე. 


close დახურვა