logo
ENG



ანრი ოხანაშვილი: მზად ვართ, რომ ნიკანორ მელიას ეპატიოს მის მიერ ჩადენილი ქმედება

21 აპრ 202114:20
3 წუთის საკითხავი
clock 2312
ანრი ოხანაშვილი: მზად ვართ, რომ ნიკანორ მელიას ეპატიოს მის მიერ ჩადენილი ქმედება

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, მმართველი გუნდი მზადაა, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელიას "ეპატიოს" ის ქმედება, რომლის გამოც პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა.

ოხანაშვილმა თქვა, რომ ამნისტიის აქტს გამოსცემენ, თუმცა არ გამორიცხა, მელიამ ოცნების "წყალობაზე" უარი თქვას.

"ჩვენ მზად ვართ, რომ ნიკანორ მელიას ეპატიოს მის მიერ ჩადენილი ის ქმედება, რომელიც პროკურატურამ ინკრიმინირებული სახით წარუდგინა. რაც შეეხება სურს თუ არა მას ამ პატიების მიღება, ჩვენ მზად ვართ ამ ნაბიჯისთვის, ვინაიდან ეს არის შეთანხმების საგანი. შესაბამისად, ჩვენ დავაინიცირებთ კანონპროექტს ამნისტიის შესახებ და გამოვცემთ ამნისტიის აქტს.

თუმცა, ფაქტია, რომ ნიკანორ მელია უარს ამბობს ევროკავშირის შეთავაზებაზე, მის სასარგებლოდ გადახდილი იქნას გირაო და მე არ გამოვრიცხავ ასევე, იმ მოტივით, რომ რაში სჭირდება მას ქართული ოცნების წყალობა, ასევე უარი თქვას ამნისტიის აქტზე. თუმცა, ჩვენ დავიცავთ შეთანხმების ყველა პირობას", - განაცხადა ოხანაშვილმა.

მანვე აღნიშნა, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის დადებული შეთანხმების მიხედვით, ამნისტია 2019 წლის 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებულ ყველა პირს თანაბრად შეეხება.

"შეთანხმებაში წერია, რომ ეს ამნისტიის აქტი შეეხება 19-20 ივნისის მოვლენებს, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ მოვლენებთან დაკავშირებულ ყველა პირს თანაბრად შეეხებათ და იქნებიან ამნისტირებულები", - თქვა ანრი ოხანაშვილმა.

18 აპრილს, დასავლელმა მედიატორებმა საქართველოს ხელისუფლებას და ოპოზიციას მოლაპარაკების მიღწევის მიზნით ახალი დოკუმენტი შესთავაზეს, რომელსაც 19 აპრილს ქართულმა ოცნებამ და ოპოზიციის ნაწილმა ხელი მოაწერა.

ახალ წინადადებაში ნათქვამია, რომ შეთანხმების მიღწევიდან 1 კვირის ვადაში უნდა გადაიდგას ნაბიჯები 2 საქმეზე, რომლებიც პოლიტიკურად აღიქმება, ამნისტიით და/ან სხვა ნაბიჯებით, რომლებიც ანალოგიურ შედეგამდე მიგვიყვანს; რომ ყველა შემდგომი საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს სრულად პროპორციული წესით. მომდევნო 2 საპარლამენტო არჩევნებზე ბარიერი უნდა იყოს ბუნებრივი - 0%-დან 2%-მდე; და რომ რიგგარეშე არჩევნები ჩატარდეს 2022 წელს იმ შემთხვევაში, თუ მმართველი პარტია, ქართული ოცნება 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებს.

დოკუმენტს ხელი არ მოაწერა ნაციონალურმა მოძრაობამ, ევროპულმა საქართველომ და ლეიბორისტულმა პარტიამ.

ნიკა მელიას პროკურატურა 20-21 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას ედავება. 2019 წლის 27 ივნისის განჩინებით, მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო 30 000 ლარი და დამატებით შემზღუდავი ღონისძიებები, მათ შორის, ელექტრონული მონიტორინგი.

2020 წლის პირველი ნოემბრის აქციაზე ნიკა მელიამ სამაჯური მოიხსნა და ხალხში გადააგდო. თბილისის საქალაქო სასამართლოს 3 ნოემბრის გადაწყვეტილებით, ნიკა მელიას მიმართ მანამდე გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გამკაცრდა და გაიზარდა 40 000 (ორმოცი ათასი) ლარით, კერძოდ, 70 000 (სამოცდაათი ათასი) ლარამდე.

მელიამ სწორედ ეს გირაო მიიჩნია უკანონოდ და არ გადაიხადა, რა საბაბითაც მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა 17 თებერვალს მელიას აღკვეთის ღონისძიება გირაო პატიმრობით შეუცვალა.

23 თებერვალს ნიკა მელია დააკავეს.


close დახურვა