logo
ENG



მელაშვილი: სასულიერო პირებიც და ხალხიც, ვინც დამიპირისპირდა, შეცდომაში არიან შეყვანილები

04 მაი 202118:27
3 წუთის საკითხავი
clock 1746
მელაშვილი: სასულიერო პირებიც და ხალხიც, ვინც დამიპირისპირდა, შეცდომაში არიან შეყვანილები

​ივერი მელაშვილი ამბობს, რომ სასულიერო პირებიც და ის მოქალაქეებიც, რომლებიც დღეს თავს დაესხნენ, შეცდომაში არიან შეყვანილები და ეს ხელისუფლების ბრალია. 

"​სასულიერო პირებიც და მოქალაქეებიც, ვინც დამიპირისპირდა, შეცდომაში არიან შეყვანილები. ზოგი შეიძლება იყოს პროვოკატორი, მაგრამ ისინი ჩვეულებრივი ადამიანები არიან. ვიღაცამ ჩაუდო თავში, რომ მელაშვილი გამყიდველია, მან რაღაც გადასცა და გაყიდა. სინამდვილეში ამდაგვარი არაფერი მომხდარა.

შეცდომაში შეყვანილები არიან ხელისუფლების, ამ პროვოკატორების მიერ. ხელისუფლებას ვადანაშაულებ ამაში, პროკურატურას და მართლმსაჯულებას. 

წარმოიდგინეთ, სულ ალალმართალ კაცს ჩვეულებრივი ადამიანი მიპირისპირდება, მეძახის მოღალატეს, მაგინებს, შეურაცხყოფას მაყენებს". - თქვა მან. 

დავითგარეჯში ივერი მელაშვილს და მთავარი არხის გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ. 

ისინი შაბათის მთავარისთვის სიუჟეტს ამზადებდნენ. 

ივერი მელაშვილს დაზიანება არ აქვს. ნაცემია ოპერატორი, დამტვრეულია კამერა. 

თავდასხმის შემდეგ მთავარი არხის მანქანას გზა მოქალაქეებმაც გადაუკეტეს. 

"პირველი და უკანასკნელი იყოს შენი მოსვლა დავითგარეჯში".-  უთხრა მელაშვილს ერთ-ერთმა ადგილობრივმა. 

კარტოგრაფების საქმე

2020 წლის 7 ოქტომბერს პროკურატურამ ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა სახელმწიფო ტერიტორიის მთლიანობის დარღვევის მუხლით დააკავა. გამოძიების მტკიცებით, მათ საზღვარი ჩვენი ქვეყნის საზიანოდ მონიშნეს და "საქართველოს ტერიტორიის ნაწილი უცხო ქვეყანას გადასცეს".  

საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის შეთანხმებულია საზღვრის 446 კილომეტრიანი ზოლიდან 294 კილომეტრი, 152 კილომეტრი - შეუთანხმებელი. დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის 16 ტაძრიდან 3 - ჩიჩხიტური, უდაბნო და ბერთუბანი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მას შემდეგ მოექცა, რაც 1922 წელს ბოლშევიკებმა აზერბაიჯანს ყარაის ველი დაუთმეს. 1994 წლიდან აზერბაიჯანთან საზღვრის დადგენაზე ორმხრივი კომისია მუშაობს. კომისიას საქართველოს მხრიდან საგარეო საქმეთა სამინისტრო ხელმძღვანელობს. 

უწყება ამტკიცებს, რომ მელაშვილი და ილიჩოვა არასწორი რუკებით ხელმძღვანელობდნენ, არ იყენებდნენ 1937-1938 წლებში გამოცემულ რუკას, მასშტაბით 1 : 2 000 000 და რომ მელაშვილმა და ილიჩოვამ "მიზანმიმართულად გამოიყენეს 1970-80-იან წლებში გამოცემული 1:100 000-იანი და 1 : 50 000 მასშტაბის რუკებზე არსებული საზღვრის ხაზი, რომლებიც სახელმწიფოთაშორის ორმხრივად დამტკიცებული არასდროს ყოფილა და არსებითად ეწინააღმდეგებოდა ჩვენს ისტორიულ საზღვრებთან". 

პროკურატურამ გამოძიება თავდაცვის სამინისტროს მიერ მიწოდებული რუკების საფუძველზე დაიწყო, რომელიც მათ, თავის მხრივ, ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული, რუსეთში მომუშავე ბიზნესმენის, დავით ხიდაშელის დახმარებით მოიპოვეს. ფორმულას წყაროს ინფორმაციით, რუკა, რომელსაც ბრალდება ეყრდნობა, ხიდაშელმა, თავის მხრივ, რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობით მოიპოვა.

1 : 2 000 000-იანი მასშტაბის რუკა, რომლის არგამოყენებასაც პროკურატურა კარტოგრაფებს ედავება, ტერიტორიაზე არსებულ რეალობას არ შეესაბამება და 300-800 მეტრიან ცდომილებას იძლევა. 

ბრალდების მხარის მიერ სწორად მიჩნეული რუკის არასწორობა დაადასტურა დამოუკიდებელმა ექსპერტიზამაც, რომელიც დაცვის მხარის მოთხოვნით ჩატარდა, თუმცა, მისი შედეგები სასამართლომ არ გაითვალისწინა.  

ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა მათთვის წარდგენილი ბრალის მიღმა პოლიტიკურ მოტივს ხედავენ. 

იმავეს ამბობენ ადვოკატები. კარტოგრაფების წინასწარი პატიმრობის პერიოდში ისინი აცხადებენ, რომ არ მიეცათ საქმის მასალებზე სრულად წვდომის საშუალება. მათივე თქმით, დაირღვა დაცვის უფლება - სასჯელაღსრულების დაწესებულება ადვოკატებს საშუალებას არ აძლევდა, კარტოგრაფებს კონფიდენციალურად დალაპარაკებოდნენ. 

კარტოგრაფების საქმე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაიგზავნა

საჩივარი კონვენციის რამდენიმე მუხლის დარღვევას ეფუძნება და უკავშირდება მომჩივნების დაკავებას და პატიმრობაში ყოფნის პერიოდს 2020 წლის 7 ოქტომბრიდან 2021 წლის 28 იანვრამდე.

საჩივარში ყურადღება გამახვილებულია კონვენციით დაცული, თავისუფლების უფლების შეზღუდვაზე კონვენციის საწინააღმდეგო მიზნით, კერძოდ, მომჩივანთა დაკავებაზე მმართველი პარტიის პოლიტიკური დღის წესრიგიდან გამომდინარე.

ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას საქმის არსებითი განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს.  


close დახურვა