logo
ENG



დედის თქმით, ცხინვალში ბეღელურს გასაღების ბღუჯით სცემეს, მას შემდეგ ჯანმრთელობა დაუზიანდა

04 მაი 202119:08
3 წუთის საკითხავი
clock 1912
დედის თქმით, ცხინვალში ბეღელურს გასაღების ბღუჯით სცემეს, მას შემდეგ ჯანმრთელობა დაუზიანდა
ფოტო: ლადო ბიჭაშვილი

ოჯახი ამბობს, რომ ოკუპირებული ცხინვალიდან გათავისუფლებულ რამაზ ბეღელურს სახლში დაბრუნების შემდეგ ჯანმრთელობის პრობლემები დაეწყო. იგი, ამჟამად საავადმყოფოშია გადაყვანილი. დედა, ნორა ბეღელური ყვება, რომ აქამდე, მსგავსი სიმპტომები მის შვილს არ ჰქონია. 

"გათავისუფლების შემდეგ, გამოვიდა თუ არა შევამჩნიე, რომ ვერ იყო კარგად. ახლა დაუმძიმდა მდგომარეობა. კრუნჩხვებში ვარდება, ცუდად ხდება. ორჯერ მოუვიდა უკვე, რომ მკვდარი ეგონათ, იტკიებს ყველაფერს, თავიდან დაწყებული, მუცელი და რა ვიცი... შეყვანილი ყავთ საავადმყოფოში. უნდა გადაუღონ ტომოგრაფია", - ყვება ის.

ნორა ბეღელური, ასევე იხსენებს შვილის მიერ მოყოლილ ამბავს, თუ როგორ სცემა იგი პოლიციელმა ციხეში გასაღებების ბღუჯით. 

"ვამჩნევდი, რომ ფსიქიკურად ვეღარ იყო კარგად. ნაცემიც არის. აი, მაგალითად, მომიყვა ასეთი შემთხვევა, რომ პოლიციელს ეჭირა გასაღებების ბღუჯა, ჩამარტყა თავშიო და სისხლი მომდიოდაო, მე თვითონ მოვწმინდე ის სისხლიო, მერე ექთანი შემოიყვანესო და საავადმყოფოში წამიყვანესო. ოსებიც იყვნენ და რუსებიცო, ეს იძახის. ერთხელ მომიყვა ასეთი ამბავი", - ყვება რამაზ ბეღელურის დედა.

იგი ხელისუფლებას დახმარებით მიმართავს, რომ მკურნალობის ხარჯების დაფარვაში დაეხმარონ:

"ისეთ დღეში ვარ რომ... ძალიან ცუდად. მეშინია, კრუნჩხვაში არ ჩავარდეს. დახმარება გვჭირდება, ტომოგრაფიაზე ფასი უნდა გადავიხადოთ, მკურნალობაზეც და გამოიკვლიონ, საიდან მოდის ეს ცუდად გახდომა".

რამაზ ბეღელურს საპატიმროს დატოვების შემდეგ ერგნეთში ჟურნალისტებთან პოლიციელების მხრიდან ძალადობაზე არ უსაუბრია. მან ცხინვალის ციხე პირველ აპრილს დატოვა. 

რამაზ ბეღელური 2 თებერვალს, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე, უკანონოდ დააკავეს. იგი ამავე სოფლის მკვიდრია.


close დახურვა