logo
ENG



გომელაური სანქციების გამკაცრებაზე: როცა აშავებ, უნდა დაისაჯო კიდევაც

05 მაი 202111:34
3 წუთის საკითხავი
clock 540
საქართველოს მთავრობა

შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებს ეხმაურება და აცხადებს, რომ მუხლები, რომლებსაც ცვლილებები შეეხო, "თითქმის არ მუშაობდა".

მინისტრი ამბობს, რომ "როცა აშავებ უნდა დაისაჯო კიდევაც".

"თითქმის არ მუშაობდა ეს კანონი. ეს მარტო ჩემი გადასაწყვეტი არ იყო. ვიმსჯელეთ, რა თქმა უნდა, პარტიასთანაც გავიარეთ, ჯერ პირველ რიგში შინაგან საქმეთა სამინისტროში ვიმსჯელეთ. ადამიანი არღვევდა ათჯერ ამ კანონს 166-ე ან 173-ე მუხლს და შენიშვნით იფარგლებოდა ეს თემა. ეს ხდებოდა ხშირად და ახალისებდა ზოგზოგიერთებს. ვფიქრობ, როცა აშავებ უნდა დაისაჯო კიდევაც", - აცხადებს გომელაური.

ჟურნალისტის კითხვაზე, არის თუ არა ეს კანონპროექტი სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგ მიმართული, გომელაური აღნიშნავს, რომ ცვლილებები მხოლოდ აქტივისტებზე არაა გათვლილი.

"მარტო აქტივისტებზე არ არის საუბარი. ბევრგან ხდება, ღამე შემოვლებზეც, ნასვამი მოქალაქეები და ა.შ. მარტო აქტივისტებზე არ არის გათვლილი. ეს კანონია საქართველოსი... ადმინისტრაციული კოდექსის", - განაცხადა გომელაურმა.

ამასთან, ის არ მიიჩნევს, რომ მიღებული კანონპროექტი რეპრესიული ნაბიჯია და აცხადებს, რომ გამკაცრებული სანქციები იმოქმედებს ყველაზე.

"არ მივიჩნევ, ხვალ მეც ვიქნები მოქალაქე ჩვეულებრივი, ჩემი შვილიც მოქალაქეა და ეს კანონი ყველაზე იმოქმედებს ამ შემთხვევაში, როგორც ოპოზიცია ამბობს, არა მარტო ოპოზიციაზე, ყველაზე იმოქმედებს, მათ შორის ჩემს შვილზე და ყველაზე", - განაცხადა გომელაურმა.

29 აპრილს პარლამენტმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე სანქციების გამკაცრებას მხარი დაუჭირა.

ცვლილებების თანახმად, მკაცრდება სანქციები წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელის მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის. გარდა ამისა, იზრდება ადმინისტრაციული პატიმრობის ვადები და ფინანსური სანქციები.

კენჭისყრაში მონაწილე 84-ვე დეპუტატმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის იმ სამი მუხლის გამკაცრებას დაუჭირა მხარი, რომლითაც ბოლო წლების განმავლობაში ხელისუფლება სამოქალაქო და პოლიტიკურ აქტივისტებს აკავებს.

ცვლილებები შევა სამ მუხლში: 166-ე, 173-ე და 247-ე. 

  • 166-ე მუხლში მხარდაჭერილი ცვლილებით, განმეორებით წვრილმან ხულიგნობაზე იზრდება ჯარიმა 1500-დან 2000 ლარამდე, ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა კი 7-დან 15 დღემდე.  

  • 173-ე მუხლში შესატანი ცვლილებით, სამართალდამცველის მიმართ ერთხელ დაუმორჩილებლოსა და მის სიტყვიერ ან სხვაგვარი შეურაცხყოფაზე ჯარიმა 2000-დან 3000 ლარამდე იზრდება, ადმინისტრაციული პატიმრობა კი - 15 დღემდე ვადით. 

    ამავე ქმედების ხელმეორედ ჩადენაზე, ჯარიმა იზრდება 3 500-დან 4 500 ლარამდე, ადმინისტრაციული პატიმრობა კი 10-დან 15 დღემდე. 
     
  • 247-ე მუხლში შესატანი ცვლილებებით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე დაკავებული პირი, ვალდებული იქნება სასამართლოში გამოცხადეს პირველი შესაძლებლობისთანავე, არაუგვიანეს 24 საათისა.

არასამთავრობო ორგანიზაციები, ოპოზიციის წარმომადგენლები და აქტივისტები ცვლილებებს საგანგაშოდ მიიჩნევენ, მათი შეფასებით, მიღებული ცვლილებები რეპრესიული მიზნებით შემუშავდა. 

 

 


close დახურვა