logo
ENG



ვაშაძე: პრეზიდენტმა სისუსტე გამოავლინა, ვეტოს დადება შეეშინდა

07 მაი 202122:04
3 წუთის საკითხავი
clock 723
ვაშაძე: პრეზიდენტმა სისუსტე გამოავლინა, ვეტოს დადება შეეშინდა

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი გიორგი ვაშაძე პრეზიდენტის მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატან ცვლილებებზე ვეტოს არდადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სალომე ზურაბიშვილმა სისუსტე გამოავლინა. 

როგორც ვაშაძემ Facebook-ზე დაწერა, პრეზიდენტს ვეტოს უფლების გამოყენების შეეშინდა. 

"სამწუხაროდ პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა სისუტე გამოავლინა! მას შეეშინდა ვეტოს უფლების გამოყენების. მომავალ კვირაში დარეგისტრირდება ჩვენი კანონი ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებების გაუქმებაზე. ქართულ ოცნებას მოუწევს პასუხის გაცემა საჯარო დებატებში ანტიდემოკრატიული კანონის მიღებაზე!", - წერს გიორგი ვაშაძე. 

პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ არსებული სამართლებრივი არგუმენტები ვეტოს გამოსაყენებლად არ იყო საკმარისი და კანონი შესაბამისობაშია საქართველოს კონსტიტუციასთან. საკითხთან დაკავშირებით პრეზიდენტის სასახლეში ბოლო ორი დღის განმავლობაში ინტენსიური შეხვედრები იმართებოდა როგორც ოპოზიციასთან, ისე მმართველ პარტიასთან.

რა ცვლილებები შევიდა კანონში?

პარლამენტმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე სანქციების გამკაცრებას მხარი 29 აპრილს დაუჭირა. გამკაცრდა სანქციები წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელის მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის. ასევე, გაიზარდა ადმინისტრაციული პატიმრობის ვადები და ფინანსური სანქციები.

ცვლილებები შევიდა სამ მუხლში: 166-ე, 173-ე და 247-ე. 

  • 166-ე მუხლში მხარდაჭერილი ცვლილებით, განმეორებით წვრილმან ხულიგნობაზე იზრდება ჯარიმა 1500-დან 2000 ლარამდე, ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა კი 7-დან 15 დღემდე.  

  • 173-ე მუხლში შეტანილი ცვლილებით, სამართალდამცველის მიმართ ერთხელ დაუმორჩილებლოსა და მის სიტყვიერ ან სხვაგვარი შეურაცხყოფაზე ჯარიმა 2000-დან 3000 ლარამდე იზრდება, ადმინისტრაციული პატიმრობა კი - 15 დღემდე ვადით. 

    ამავე ქმედების ხელმეორედ ჩადენაზე, ჯარიმა იზრდება 3 500-დან 4 500 ლარამდე, ადმინისტრაციული პატიმრობა კი 10-დან 15 დღემდე. 
     
  • 247-ე მუხლში ცვლილებებით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე დაკავებული პირი, ვალდებული იქნება სასამართლოში გამოცხადეს პირველი შესაძლებლობისთანავე, არაუგვიანეს 24 საათისა. 

კოდექსის ცვლილებას გამოეხმაურა აშშ-ის საელჩოც. მათ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ იმედგაცრუებულები არიან ქართული ოცნების მიერ ხსენებული ცვლილებების ნაჩქარევად მიღების გამო. 

საელჩოში მიიჩნევენ, რომ ამ ცვლილებების დაჩქარებული წესით მიღება არასაჭირო და უსარგებლო იყო.

არასამთავრობო ორგანიზაციები, ოპოზიციის წარმომადგენლები და აქტივისტები ცვლილებებს საგანგაშოდ მიიჩნევენ. მათი შეფასებით, მიღებული ცვლილებები რეპრესიული მიზნებით შემუშავდა. 

კანონპროექტის ავტორი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილია, ხოლო ინიციატორები არიან: დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, გურამ მაჭარაშვილი, კახა კახიშვილი.

 

 

 

 


close დახურვა