logo
ENG



ინსპექტორი: ციხის თანამშრომლის მიერ უყურადღებოდ დატოვებულმა პატიმარმა თავი მოიკლა

11 მაი 202118:11
3 წუთის საკითხავი
clock 1263
ინსპექტორი: ციხის თანამშრომლის მიერ უყურადღებოდ დატოვებულმა პატიმარმა თავი მოიკლა

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის განცხადების საფუძველზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომელს ბრალი წარედგინა. 

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის განცხადებით, გამოძიებით დადგინდა, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის №8 პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული ბრალდებული, მისი ფსიქო-ემოციური მდგომარეობის გათვალისწინებით, 2020 წლის 30 ივნისიდან 24 საათიანი ვიდეომონიტორინგის ქვეშ იმყოფებოდა.

2020 წლის 12 ივლისს, აღნიშნული პატიმარი იმყოფებოდა სააბაზანო ოთახში, სადაც სამეთვალყურეო ვიდეოკამერები განთავსებული არ არის.

პენიტენციურ დაწესებულებაში სამართლებრივი რეჟიმის ორგანიზების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის 01 აგვისტოს №200 ბრძანებით, №8 პენიტენციური დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის მთავარ მორიგე ინსპექტორს ვიდეომონიტორინგს დაქვემდებარებული ბრალდებულისთვის განსაკუთრებული ყურადღების მიქცევა ევალებოდა.

მიუხედავად ამ ვალდებულებისა, პენიტენციური დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის მთავარმა ინსპექტორმა, მასზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობა არაჯეროვნად შეასრულა.

კერძოდ, სააბაზანო ოთახში მყოფი ბრალდებული, დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში, უყურადღებოდ დატოვა, რა დროსაც ბრალდებულმა საშხაპე ოთახში თავი მოიკლა. გაწეული სამედიცინო დახმარების მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტში, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება 2020 წლის 12 ივლისს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის №8 დაწესებულებიდან შემოსული შეტყობინების საფუძველზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო - სამსახურში დადგენილი წესის არაჯეროვანი შესრულება, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.


close დახურვა