logo

მელია: როცა ხელისუფლებაში ვიქნებით, არც ერთი ოპონენტის ციხეში გამწესება არ მომინდება

13 მაი 202116:28
3 წუთის საკითხავი
clock 183
მელია: როცა ხელისუფლებაში ვიქნებით, არც ერთი ოპონენტის ციხეში გამწესება არ მომინდება
ფოტო: ვახო ქარელი

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებით, ქართული ოცნება ამნისტიის ფარგლებში ინდულგენციის მოპოვებისთვის იბრძვის, თუმცა მელია ფიქრობს, რომ თუ ამნისტიის კანონს მიიღებენ, ეს პირველ რიგში მმართველი გუნდისთვის იქნება დამაზიანებელი. 

მელიას თქმით, მთელი საერთაშორისო საზოგადოება დაინახავს, რომ ეს გაკეთდა ქართული ოცნების უსაფრთხოებისთვის.

"რა თქმა უნდა, ქართული ოცნება მიიღებს იმას, რაც სურს, იმიტომ, რომ ჯერჯერობით ისინი არიან უმრავლესობაში, თუმცა ნებისმიერი ასეთი ტიპის გადაწყვეტილება, რომელსაც ისინი ხორცს შეასხამენ, თუ ვინმესთვის განსაკუთრებით დამაზიანებელი იქნება, მათთვის იქნება... მე არც ერთი ოპონენტის ციხეში გამწესება არ მომინდება მაშინ, როცა ჩვენ ვიქნებით ხელისუფლებაში და ჩვენ აუცილებლად ვიქნებით. რა წილით ვიქნებით წარმოდგენილი ხელისუფლებაში, კოალიციის ფარგლებში თუ ა.შ. ეს სხვა საკითხია, მაგრამ აუცილებლად რომ ვიქნებით, ეს ზუსტად ვიცი. მგონია, რომ ჩვენ ბლოკს მსხვილი წილი ექნება", - თქვა მელიამ.

მისივე თქმით, მას არ სურს რომ ვინმე ციხეში მოხვდეს, თუნდაც საქმე სამოხელეო დანაშაულს ეხებოდეს. მან ამ კონტექსტში ყოფილი პრემიერმინისტრი გიორგი გახარიაც ახსენა და აღნიშნა, რომ გახარიამ [20 ივნისის მოვლენებზე] მინიმუმ შეცდომის დაშვება უნდა აღიაროს. 

"არავის მინდა ვუსურვო და ყველაფერს გავაკეთებ, არავინ მოხვდეს ციხეში, განსაკუთრებით უდანაშაულო ადამიანი. თუნდაც სამოხელეო დანაშაულზეც  ვფიქრობ, ადამიანი, რომელიც რეჟიმს დაემორჩილა, შესაძლებელია არ მოხვდეს, მაგრამ ციხეში არ მოხვედრა და პასუხისმგებლობის მთლიანად თავიდან აცილება ვინმესთვის - ეს სხვადასხვა საკითხია... ბატონმა გახარიამაც უნდა აღიაროს, რომ მინიმუმ ის შეცდა, მოინანიოს ის რაც მან გააკეთა, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ციხის კარი უნდა გავუღოთ", - განაცხადა ნიკა მელიამ. 

close დახურვა