logo
ENG



კახიშვილი: ამ ეტაპზე ოცნებიდან არ გავდივარ, თუმცა არის საკითხები, რასაც არ ვეთანხმები

14 მაი 202117:18
3 წუთის საკითხავი
clock 1014

კახა კახიშვილი ფორმულასთან ინტერვიუში აცხადებს, რომ ამ ეტაპზე ქართული ოცნებიდან წასვლის საფუძველი არ აქვს, თუმცა არსებობს გარკვეული საკითხები, რომლებზეც მასსა და მმართველ გუნდს შორის აზრთა სხვადასხვაობაა.

კახა კახიშვილის თქმით, ის იმ შემთხვევაში წავა პარტიიდან, თუკი დაინახავს, რომ მისი აზრი ხშირად არაა გათვალისწინებული.

„ამ ეტაპზე არ მაქვს საფუძველი, რომ განვაცხადო, გავდივარ ოცნებიდან. თუმცა არის საკითხები, რასაც არ ვეთანხმები. ვნახავ, რა როგორ დალაგდება. თუ ვნახავ, რომ ჩემს განცხადებებს რეაგირება არ მოჰყვება, მივიღებ გადაწყვეტილებას. თუ ვნახავ, რომ ჩემი საკითხი, ჩემი რესურსი ამოწურულია, ცხადია იმ პარტიაში ვერ დავრჩები, სადაც მხოლოდ უპირობო შემსრულებლად ჩამთვლიან.

არ ვეთანხმები, მაგალითად, პროპორციულ სისტემაზე გადასვლას. მიმაჩნია არასწორად, რადგან თვითმმართველობის არსი ისაა, რომ კომუნიკაციაში იყო ადამიანებთან. დღეს ამ სისტემით უშუალო კომუნიკაციაში არიან, ძირითადად, მაჟორიტარები", - ამბობს კახიშვილი. 

ქართული ოცნების დეპუტატი, ასევე, გამოეხმაურა ირაკლი კობახიძის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ მას პარლამენტში ორი კომიტეტის თავმჯდომარეობა შესთავაზეს.

კახიშვილის განცხადებით, თანამდებობა გადაწყვეტილების მიღების საფუძველი ყოველთვის არ არის და მისთვის გაუგებარია, რატომ გააკეთა ეს განცხადება პარტიის თავმჯდომარემ. 

„სიმართლე გითხრათ, ვერ მივხვდი, რა გასატანი იყო. ეს იყო ოთხ კაცში საუბარი, რომელიც შედგა პარტიაში. მე არ მეგონა, რომ მაინცდამაინც განხილვის საგანი უნდა გამხდარიყო. კარგია, დაადასტურეს ამით, რომ ჩემთვის საოცნებო თანამდებობა არაა. რადგან ჟურნალისტმა დაუსვა კითხვა, ალბათ იფიქრა, რატომ მიდის, აგერ თანამდებობა შევთავაზეთო. მეორე საკითხია, რომ მხოლოდ თანამდებობა არ არის ყოველთვის გადაწყვეტილების მიღების საფუძველი", - აცხადებს კახა კახიშვილი.

კახა კახიშვილის მიერ ქართული ოცნებიდან წასვლის შესახებ ეჭვები მას შემდეგ გაჩნდა, რაც მან პალიტრანიუსის ეთერში პარტიიდან წამოსვლის შესაძლო გარემოებებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ქართული ოცნებიდან წასვლის შემთხვევაში სხვა პარტიაში არ წავა.


close დახურვა