logo
ENG



ოხანაშვილი გახარიაზე: როდესაც ადამიანი მერყეობს, ვფიქრობ, მისი ადგილი პოლიტიკაში არაა

14 მაი 202123:46
3 წუთის საკითხავი
clock 1192
ოხანაშვილი გახარიაზე: როდესაც ადამიანი მერყეობს, ვფიქრობ, მისი ადგილი პოლიტიკაში არაა

ანრი ოხანაშვილის განცხადებით, გიორგი გახარიამ კონკრეტულ სიტუაციაში ვერ გამოიჩინა სიმტკიცე და "მისი ადგილი პოლიტიკაში არ არის"

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ პალიტრანიუსის ეთერში განმარტა, რომ ნიკა მელიას დაკავების საკითხთან დაკავშირებით ყოფილმა პრემიერმა მერყევი ხასიათი გამოავლინა. 

„რაც შეეხება ჩვენს ყოფილ თანაგუნდელებს, პოლიტიკაში და ყველგან ძალიან მნიშვნელოვანია სიმტკიცე - რამდენად შეუძლია პოლიტიკოსს გაუძლოს ერთი მხრივ წნეხს, მეორე მხრივ, გამოწვევას, რთულ დატვირთვას და მძიმე გრაფიკს; იხელმძღვანელოს სახელმწიფოებრივად და საზოგადოების ინტერესების შესაბამისად. ეს ყველას არ გამოსდის. 

როდესაც დესტრუქციული, რადიკალური მოქალაქე კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს სახელმწიფოებრიობას, სახელმწიფო ინსტიტუტების ფუნქციონირებას და გამოწვევას უკეთებს სახელმწიფოს, სადაც შენი მოქალაქეები უყურებენ, სახელმწიფო რამდენად დაიცავს სამართლებრივ სახელმწიფოს. ყველა სხვა თუ იცავს, ვინ არის ნიკანორ მელია, რას წარმოადგენს, რომ ის უფრო მაღლა დადგეს, ვიდრე ქართველი ხალხი და ჩვენი სახელმწიფო?! 

როცა ადამიანი მერყეობს, მე ვფიქრობ, მისი ადგილი პოლიტიკაში არ არის.  თუ ის პოლიტიკაში შემოვა, მოგვეცემა, ალბათ, საშუალება დებატებში დავსხდეთ როგორც მის თანაგუნდელებთან, ასევე მასთან და საზოგადოებამ გადაწყვიტოს ვინ იყო მტკიცე, ვინ იყო პრინციპების ერთგული", - ამბობს ანრი ოხანაშვილი.

გიორგი გახარიამ პრემიერის თანამდებობა 2021 წლის 18 თებერვალს დატოვა - მისი განმარტებით, მიზეზი ნიკა მელიას დაკავების საკითხზე მმართველ გუნდთან აზრთა სხვადასხვაობა იყო.

გიორგი გახარიას გუნდმა ქართული ოცნება 14 აპრილს დატოვა. 

კერძოდ, მმართველი პარტია დატოვეს მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატებმა: გიორგი ხოჯევანიშვილმა, მიხეილ დაუშვილმა, ბექა ლილუაშვილმა, ანა ბუჩუკურმა, ალექსანდრე მოწერელიამ, შალვა კერესელიძემ.

ისინი ექსპრემიერის პარტიას შეუერთდებიან, პარლამენტში კი მუშაობას დამოუკიდებელი დეპუტატების სტატუსით გააგრძელეს.

 

close დახურვა