logo
ENG



გომელაური: ვინც კანონი დაარღვია დაისჯება, ეს არ უნდა გადაიზარდოს ეთნიკურ დაპირისპირებაში

17 მაი 202114:40
3 წუთის საკითხავი
clock 567
გომელაური: ვინც კანონი დაარღვია დაისჯება, ეს არ უნდა გადაიზარდოს ეთნიკურ დაპირისპირებაში
საქართველოს მთავრობა

შს მინისტრი, ვახტანგ გომელაური დმანისში, დაპირისპირების ადგილზე ჩავიდა. ჟურნალისტებთან საუბრისას მან განაცხადა, რომ ვინც დაარღვია კანონი ყველა "სრული სიმკაცრით" დაისჯება. 

"ესაა ძალიან ცუდი ფაქტი, იქედან გამომდინარე, რატომაც ცდილობენ ძალები და ჯგუფები... ეთნიკურ დაპირისპირებაში გადაყვანის თემაა. ესაა ძალიან მნიშვნელოვანი, აზერბაიჯანელები, ქართველები, ესენი ჩვენი მოქალაქეები არიან. ამას არ დავუშვებთ. ეს თემა არ უნდა გადაიზარდოს ეთნიკურ დაპირისპირებაში", - თქვა ვახტანგ გომელაურმა. 

მისი თქმით, ამ წუთებში შსს გამოკითხვებს ატარებს. მინისტრი ვინმეს დაკავებას არ ადასტურებს. 

ვახტანგ გომელაურმა, ასევე აღნიშნა, რომ დღეს დილით დმანისში ვითარება სწრაფად დაიძაბა და იქ მყოფი საპოლიციო ძალები საკმარისი არ აღმოჩნდა.

"გუშინდელი დღის შემდეგ იყო გაძლიერებული პოლიცია. მეტი ძალები იყო შემოყვანილი, თუმცა ეს ძალები არ აღმოჩნდა საკმარისი. ვერ მოხდა ამხელა მასის კონტროლი და დამატებითი ძალები შევიყვანეთ დმანისში. აქედან გამომდინარე, განიმუხტა. ამიტომ ვერ მოხდა ამ ადამიანების შეჩერება", - თქვა გომელაურმა. 

დმანისში ადგილობრივები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. დაპირისპირებამ დღეს, 17 მაისს უფრო ფართო მასშტაბი მიიღო. 

დმანისის ერთ-ერთ ქუჩაზე შეკრებილი მოსახლეობის ნაწილი თოხებით და ხელკეტებით იყო შეიარაღებული. ერთმანეთს დაუშინეს ქვებიც. 

ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც დმანისში აქციის ჩატარება სცადეს ეთნიკურად აზერბაიჯანელებმა, რომლებიც გუშინდელი დაპირისპირების დროს დაშავდნენ. მათ წინააღმდეგ დმანისშივე მცხოვრები ეთნიკურად ქართველები გამოვიდნენ. 

16 მაისს ინციდენტი სურსათის ერთ-ერთ მაღაზიაში მომხდარის შემდეგ დაიწყო. გამყიდველი და მეპატრონე ყვებიან, რომ ინციდენტი პროდუქტის ვალად გატანის მოთხოვნას მოჰყვა. 

საიდა ისმაილოვას თქმით, მან რამდენიმე მოქალაქეს ლუდის ნისიად მიცემაზე უარი უთხრა, რადგან მათ წარსულში აღებული ვალიც არ ჰქონდათ დაბრუნებული. ნისიაზე უარის თქმის მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და დაემუქრნენ. 

მაღაზია ეთნიკურად აზერბაიჯანელებს ეკუთვნით. 

შეურაცხყოფისა და მუქარის გამო მაღაზიის მეპატრონის ოჯახის წევრი და ეს მოქალაქეები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, რასაც პოლიციის გამოძახება და ადგილზე ვითარების განმუხტვა მოჰყვა. 

მოგვიანებით კი მაღაზიასთან ინციდენტში მონაწილე პირები ადგილზე დიდ ჯგუფთან ერთად დაბრუნდნენ, რის შემდეგაც მათსა და მაღაზიასათან შეკრებილებს შორის ხელჩართული ჩხუბი დაიწყო. 

კადრებში ჩანს, რომ ადამიანები ერთმანეთს ხის ხელკეტებით უპირისპირდებიან. ჩხუბში მონაწილე რამდენიმე ადამიანი დაშავდა, მათ პირველადი დახმარება გაეწიათ. გუშინდელ ჩხუბში ჩართული მოქალაქეები პოლიციაშიც გამოჰკითხეს.

 


close დახურვა