logo
ENG



თალაკვაძე ნინოწმინდის პანსიონზე: დარწმუნებული ვარ, საპატრიარქოს არაფერი აქვს დასამალი

03 ივნ 202113:19
3 წუთის საკითხავი
clock 1964

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე იმედს გამოთქვამს, რომ ნინოწმინდის პანსიონის საკითხზე საპატრიარქოსთან შეთანხმება მოხდება.

როგორც მან ჟურნალისტებთან ისაუბრა, ის დარწმუნებულია, რომ საპატრიარქოს არაფერი აქვს დასამალი, მით უმეტეს მაშინ, როცა საქმე ბავშვებს ეხება.

"ბავშვის უფლებების კონსტიტუციური დაცვის მექანიზმები ვრცელდება ყველგან, სადაც უნდა იყოს ის. რაც შეეხება ომბუდსმენს - აქვს უფლება ჩაატაროს მონიტორინგი ნებისმიერ დახურულ დაწესებულებაში, სადაც განთავსებული არიან საქართველოს მოქალაქეები, ბავშვები მათ შორის.

მე დიდი იმედი მაქვს, რომ საპატრიარქოსთან კომუნიკაციით ამ საკითხის შეთანხმება მოხდება, ადამიანის უფლებათა კომიტეტი ჩაერთო ამ საკითხში და პარლამენტი ხელს შეუწყობს ყველანაირად ამ საერთო ჭეშმარიტებაზე, რასაც კანონი ითვალისწინებს, შეთანხმება მოხდეს. მჯერა და დარწმუნებული ვარ, საპატრიარქოს არაფერი აქვს დასამალი, მით უმეტეს მაშინ, როცა საკითხი ეხება ბავშვებს", - თქვა თალაკვაძემ.

სახალხო დამცველის განცხადებით, ნინოწმინდის პანსიონში, რომელსაც სხალთელი ეპისკოპოსი, სპირიდონი მართავს, ბენეფიციარების მიმართ სავარაუდო ძალადობასთან დაკავშირებით ბოლო წლების განმავლობაში არაერთი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.

ომბუდსმენის თქმით, სახალხო დამცველის აპარატმა პანსიონში მომხდარი სავარაუდო დანაშაულებრივი ფაქტების შესახებ ინფორმაცია გამოითხოვა საქართველოს გენერალური პროკურატურიდან და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან.

მიღებული ინფორმაციით ირკვევა, რომ ‪2016-2021‬ წლებში დაწყებულია ოთხი სისხლის სამართლის საქმის გამოძიება არასრულწლოვნების მიმართ სავარაუდო ძალადობის ფაქტზე, მათ შორის გაუპატიურების მუხლითაც.

გამოძიება მიმდინარეობს სავარაუდო ძალადობის 3 ფაქტზე (სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლი) და სავარაუდო გაუპატიურების ერთ ფაქტზე (სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლი).‬

ომბუდსმენმა 2021 წლის 15 აპრილს გამოაქვეყნა განცხადება, რომ 2020 წლის ივნისიდან მათ წარმომადგენლებს ნინოწმინდის პანსიონში არ უშვებენ. გადაწყვეტილება ეპისკოპოსმა სპირიდონმა მიიღო.

პანსიონში არ უშვებდნენ სახელმწიფოს წარმომადგენელ სოციალურ მუშაკსაც. ერთადერთი სოცმუშაკი დაწესებულებაში, რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ, 14 მაისს შევიდა.

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში ოფიციალური ინფორმაციით, 53 ბავშვი ირიცხება, თუმცა როგორც მეუფე სპირიდონისგან ირკვევა, 150-მდე ბენეფიციარი ჰყავთ.


close დახურვა