logo
ENG



მეუფე იაკობი ბავშვებზე ძალადობას ამართლებს

10 ივნ 202112:55
3 წუთის საკითხავი
clock 3091

ბოდბელი ეპისკოპოსი მეუფე იაკობი ბავშვებზე ძალადობას ამართლებს. 

ნინოწმინდის პანსიონში ძალადობის ფაქტებზე საუბრისას მან თქვა, რომ "რა გასაკვირია, თუ ღონიერმა პატარას სიტყვით თუ ვერ გააგებინა და ძალა გამოიყენოს".

"მე მაინც ვთვლი, რომ ადამიანი ვირი არ არის და ცემა არ არის აუცილებელი. სისულელეს რომ ლაპარაკობენ, ლამის მაცივარში გვამები და რაღაც სადისტური ისინი... ცალკეულ ადამიანებს შეიძლება, მასეთ დაწესებულებებში კი არა, გარეთ არ ჰყოფნით ნერვები, პარლამენტში არ ჰყოფნით ხოლმე და ერთმანეთს სცემენ, ურტყამენ, რა გასაკვირია, რომ იქ უფროსმა, ღონიერმა პატარას სიტყვით თუ ვერ გააგებინა, მივიდა და ძალა გამოიყენოს? პირდაპირ გეუბნებით, თუნდაც წამორტყმას არ მივესალმები, მაგრამ როდესაც ამბობენ გაუპატიურებას, ფაქტი ხომ არ უნდა იყოს, ვნახოთ ფაქტი, თუ იყო, უმკაცრესად დაისჯებიან", - თქვა მან ჟურნალისტებთან.

ნინოწმინდის პანსიონში ბენეფიციარების მიმართ სავარაუდო ძალადობასთან დაკავშირებით ბოლო წლების განმავლობაში არაერთი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. კერძოდ, ‪2016-2021 წლებში დაწყებულია ოთხი სისხლის სამართლის საქმის გამოძიება - 3 მათგანი ძალადობას ეხება (სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლი), ერთი - გაუპატიურებას (სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლი).

8 ივნისის მონაცემებით, პანიონიდან 24 ბავშვია გამოყვანილი, 29 კი ადგილზე რჩება. პანსიონში ამ დრომდე არ უშვებენ სახალხო დამცველის აპარატს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 5 ივნისს, გამოიტანა განჩინება, რომლის მიხედვითაც, ნინოწმინდის პანსიონიდან შშმ ბავშვები დაუყოვნებლივ უნდა გამოიყვანონ და სხვა სახელმწიფო მზრუნველობის დაწესებულებაში გადაიყვანონ: მიმღებ ოჯახებში, მცირე საოჯახო ტიპის თავშესაფრებში ან დაბრუნდნენ ოჯახებში. 

სარჩელი სასამართლოში ორგანიზაცია PHR-მა შეიტანა. მათი განმარტებით, საქართველოს კანონმდებლობით, ბავშვის უფლებებზე დავა მხოლოდ კანონიერ წარმომადგენელს შეუძლია, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ბავშვი შშმ პირია. სწორედ ამ კანონის საფუძველზე მიმართა სასამართლოს PHR-მა

და შესაბამისად, მოსამართლემ დააკმაყოფილა საჩივრის ის ნაწილი, რომლის დაკმაყოფილებაც კანონით შეეძლო. 

თუმცა, ორგანიზაციისვე განმარტებით, "სასამართლომ თავის განჩინებაში მიუთითა, რომ ვინაიდან ჩვენი ორგანიზაცია არის სპეციალური მოსარჩელე შშმ ბავშვებისთვის, რის შესაძლებლობასაც გვაძლევს კანონი, ამიტომ სწორედ შშმ ბავშვები უნდა გავიდნენ პანსიონიდან. მაგრამ მთელი სასამართლო გადაწყვეტილება ეხება იმას, რომ იქ არის საფრთხე ყველა ბავშვისთვის. ყველა ბავშვის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას ეხება, ამიტომ ტექნიკური დეტალია. ამიტომ, ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ თუ იქნება ეს საფრთხე, არ შეიძლება, რომელიმე ბავშვი დავტოვოთ საფრთხეში, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ჩვენი კანონმდებლობით სპეციალური განჩინებით მხოლოდ შშმ ბავშვების დაცვა შეგვიძლია". 

ამაზე მიუთითებს თავად მოსამართლის ჩანაწერებიც განჩინებაში, რომელშიც ვკითხულობთ:  

"ვიხელმძღვანელე რა მტკიცებულებებით, მათ შორის, თავად პანსიონატში მოთავსებული არასრულწლოვანი პირების განმარტებით, ბავშვის საუკეთესო ინტერესის დაცვის უზრუნველყოფის გათვალისწინებით, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, დაკმაყოფილდეს შუამდგომლობა".

"საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარის მიერ მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, აგრეთვე, იმ გარემოებების მხედველობაში მიღებით, რომ სასამართლოში ამ ეტაპზე აღძრული არ არის სარჩელი, რომლის განხილვასაც შესაბამისი დრო ესაჭიროება, სასამართლო მიიჩნევს, რომ იზრდება იმის ალბათობა, რომ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სარჩელის უზრუნველყოფის გამოუყენებლობის შემთხვევაში, შეილახოს ბავშვთა ინტერესები და მას მიადგეს მნიშვნელოვანი ზიანი. ამასთან, აღსანიშნავია, რომ საკითხი ეხება არასრულწლოვანთა ინტერესებს, რომელთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას შეიძლება შეექმნას საფრთხე. შესაბამისად, არ უნდა დაზარალდეს არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესი". 

6 ივნისს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ნინოწმინდის პანსიონზე სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.  საპატრიარქო მიიჩნევს, რომ ის უნდა გასაჩივრდეს, რადგან პროცესზე შესაბამისი მტკიცებულებები წარმოდგენილი არ ყოფილა.

მათივე შეფასებით, "პანსიონიდან ბენეფიციარების გაყვანის დაჩქარებული პროცესი არ შეესაბამება ბავშვების საუკეთესო ინტერესს, რადგან არ განხორციელებულა სოციალური მუშაკების მიერ იქ არსებული ამჟამინდელი ვითარების შეფასება და არც სათანადო დასკვნა დადებულა კომპეტენტური სპეციალისტების მიერ". 

ორგანიზაცია პატრნიორობა ადამიანის უფლებებისთვის, რომლის საჩივარმაც განაპირობა სასამართლოს გადაწყვეტილება ბავშვების პანსიონიდან გაყვანის შესახებ, საპატრიარქოს პასუხობს, რომ საქართველოს კანონმდებლობით, გასაჩივრება არ აჩერებს განჩინებას დროებითი ღონისძიების შესახებ, რაც გამოსცა თბილისის საქალაქო სასამართლომ. 

სახალხო დამცველის ინფორმაციით, პანსიონში, 57 ბავშვი ცხოვრობდა. თუმცა, მთავარეპისკოპოს სპირიდონის თქმით, მათი რაოდენობა 150-მდეა. 

ომბუდსმენის განცხადებით, ნინოწმინდის პანსიონში, რომელსაც სხალთელი ეპისკოპოსი, სპირიდონი მართავს, ბენეფიციარების მიმართ სავარაუდო ძალადობასთან დაკავშირებით ბოლო წლების განმავლობაში არაერთი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. კერძოდ, ‪2016-2021 წლებში დაწყებულია ოთხი სისხლის სამართლის საქმის გამოძიება - 3 მათგანი ძალადობას ეხება (სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლი), ერთი - გაუპატიურებას (სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლი).

ნინოწმინდის პანსიონის ბენეფიციარები თავადაც ლაპარაკობენ დასჯის სასტიკ მეთოდებზე. საუბრობენ მუდმივად ცემაზე, მათ შორის სკამის ფეხებით და საზურგეებით. ასევე, დასჯის მეთოდად ასახელებენ კვების გამოტოვებას და სხვა ბავშვების ჭამის ყურების იძულებას და ცივი წყლით დაბანას. 

3 ივნისს ფორმულამ გავრცელა ინტერვიუ პანსიონის ყოფილ აღსაზრდელთან, რომელიც ყვება, რომ პანსიონში ბავშვებს "რეიკებით და სახაზავებით სცემდნენ". მისივე თქმით, აქ "7 წლის ბავშვი ცემით შემოაკვდათ, გადააფარეს რაღაც და წაიყვანეს".

5 ივნისს კი შაბათის ფორმულას ეთერში გავიდა სიუჟეტი, რომელშიც ნინოწმინდის პანსიონის ყოფილი აღსაზრდელი, არასრულწლოვანი გოგო ამბობს, რომ პანსიონში სექსუალური, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი გახდა. გოგო ყვება, რომ 15 წლის ასაკში ის გააუპატიურეს. სავარაუდო მოძალადე პანსიონში, მასთან ერთად ცხოვრობდა. მისი თქმით, შემთხვევაც სწორედ იქ მოხდა და ტერიტორიაზე ამ დროს არასრულწლოვანი ბავშვების აღმზრდელებიც იყვნენ. მისივე გადმოცემით, სავარაუდო მოძალადე მას სოციალური ქსელით ეკონტაქტებოდა, ემუქრებოდა, უთვალთვალებდა, საკუთარ მეგობრებსაც უგზავნიდა. გოგოს თქმით, ის დანითაც დაჭრეს. დამნაშავე ამ დრომდე არ დაუკავებიათ. პირი, რომელსაც პანსიონატის ყოფილი ბენეფიციარი მოძალადედ ასახელებს, ახლაც თავისუფალია. 

ნინოწმინდის პანსიონი საპატრიარქოს ექვემდებარება და მას სხალთელი ეპისკოპოსი სპირიდონი მართავს. სახალხო დამცველი წლებია ლაპარაკობს საპატრიარქოს დაქვემდებარებულ პანსიონებში სავარაუდო ძალადობასა და დასჯის სასტიკ მეთოდებზე, თუმცა, ხელისუფლებას ამ პრობლემის მოსაგვარებლად სათანადო ნაბიჯები არ გადაუდგამს. 

2021 წლის 15 აპრილს სახალხო დამცველმა თქვა, რომ ეპისკოპოსმა სპირიდონმა ომბუდსმენის წარმომადგენლების პანსიონში შეშვებაზე უარი განაცხადა. პანსიონში შესვლის საშუალება მას ამ დრომდე არ აქვს.


close დახურვა