logo
ENG



ჯაღმაიძე ამბობს, რომ პანსიონზე "შტურმი" კავშირშია ივლისში ლგბტ უფლებების კვირეულთან

10 ივნ 202121:00
3 წუთის საკითხავი
clock 1010
ჯაღმაიძე ამბობს, რომ პანსიონზე "შტურმი" კავშირშია ივლისში ლგბტ უფლებების კვირეულთან

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ამბობს, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ირგვლივ განვითარებული მოვლენები ივლისში ლგბტ უფლებების კვირეულის ორგანიზებას უკავშირდება.

საპატრიარქოს წარმომადგენლის ეს განცხადება საზოგადოების კონკრეტული ჯგუფების უფლებრივი საკითხით სახალხო დამცველის დისკრედიტაციის არაერთი მცდელობის გაგრძელებაა. ლგბტ უფლებების დაცვა საპატრიარქოს სწორედ დისკრედიტაციის საშუალებად ესახება. სახალხო დამცველზე თავდასხმები განსაკუთრებით მას შემდეგ გახშირდა, რაც საზოგადოების ყურადღების ცენტრში საპატრიარქოს დაქვემდებარებაში არსებულ ნინოწმინიდის პანსიონში ბავშვთა უფლებების შელახვა და ძალადობის ისტორიები მოექცა.

დეკანოზი ჯაღმაიძე Facebook-ზე წერს, რომ ეს არის "მოსამზადებელი ეტაპი" და ის ფართო მასებში "ეკლესიის დისკრედიტაციას" ისახავს მიზნად.

"ნინოწმინდის მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლის მიმართ მიმდინარე გაუგონარი პროპაგანდისტული შტურმი, თავისი ბუნებით და დროის მიხედვით, პირდაპირ კავშირშია ივლისში დაანონსებული ე.წ. ლგბტ კვირეულის ორგანიზებასთან. ეს არის შესავალი და მოსამზადებელი ეტაპი, რაც ემსახურება ეკლესიის დისკრედიტაციას მოსახლეობის ფართე მასებში", - წერს ჯაღმაიძე.

დღესვე, 10 ივნისს, გავრცელდა მეუფე სპირიდონის ვიდეოჩანაწერი, სადაც სხალთელი ეპისკოპოსი კიდევ ერთხელ ესხმის თავს სახალხო დამცველს და იქვე ამბობს, რომ ნინო ლომჯარიაზე "უარესი" Worldvision-ი და UNICEF-ია, რადგან ისინი "ლეგეტეპე პროპაგანდისტები არიან მსოფლიოს მასშტაბით". სწორედ მათი წარმომადგენლები იმყოფებოდნენ პანსიონში გასულ დღეებში.

მეუფე სპირიდონის  ჰომოფობიური და ანტიდასავლური შინაარსის გამოსვლები შეგიძლიათ იხილოთ აქ: 

 

5 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ გამოიტანა განჩინება, რომლის მიხედვითაც, ნინოწმინდის პანსიონიდან შშმ ბავშვები დაუყოვნებლივ უნდა გამოიყვანონ და სხვა სახელმწიფო მზრუნველობის დაწესებულებაში გადაიყვანონ: მიმღებ ოჯახებში, მცირე საოჯახო ტიპის თავშესაფრებში ან დაბრუნდნენ ოჯახებში. 

სარჩელი სასამართლოში ორგანიზაცია PHR-მა შეიტანა. მათი განმარტებით, საქართველოს კანონმდებლობით, ბავშვის უფლებებზე დავა მხოლოდ კანონიერ წარმომადგენელს შეუძლია, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ბავშვი შშმ პირია. სწორედ ამ კანონის საფუძველზე მიმართა სასამართლოს PHR-მა.

ნინოწმინდის პანსიონში ამ დროისთვის 27 არასრულწლოვანი რჩება, 26-მა კი დაწესებულება დატოვა. სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს ცნობით, ბავშვები ბიოლოგიურ ოჯახებსა და სახელმწიფო ზრუნვის სხვადასხვა ფორმაში განთავსდნენ.

 

close დახურვა