logo
ENG



ევროპარლამენტმა ბელარუსში Ryanair-ის თვითმფრინავის ინციდენტს ტერორიზმის აქტი უწოდა

10 ივნ 202121:45
3 წუთის საკითხავი
clock 1304
2021/06/10/85631s3rprsi8x0.png

ევროპარლამენტმა ბელარუსში ავიაკომპანია Ryanair-ის თვითმფრინავის იძულებითი დაშვება სახელმწიფო ტერორიზმის აქტად აღიარა. რეზოლუციაში ევროპარლამენტარებმა მომხდარი ფაქტს ასევე თვითმფრინავის გატაცება უწოდეს. 

ევროპარლამენტის რეზოლუცია ევროკავშირის საბჭოს მოუწოდებს, აღნიშნულ ინციდენტში ჩართულ ყველა პირს დაუყოვნებლივ სანქციები დაუწესოს. ევროპარლამენტარები ოპოზიციონერ ჟურნალისტსა და აქტივისტს პოლიტიკურ პატიმრად მოიხსენიებენ და რეზოლუციის თანახმად მისი გათავისუფლება დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს. 

ევროპარლამენტარები ასევე მოითხოვენ ბელარუსის ჩამოშორებას საერთაშორისო სპორტული ღონისძიებებიდან, როგორიცაა ევროპული და მსოფლიო ჩემპიონატები, ასევე ტოკიოს ოლიმპიური თამაშები. 

რეზოლუციის ტექსტის თანახმად, ევროკავშირმა სასწრაფოდ უნდა დააწესოს სანქციების შემდეგი პაკეტი ი პირების წინააღმდეგაც, ვინც მონაწილეობა მიიღო ბელარუსში არჩევნების გაყალბებასა და ადამიანის უფლებების დარღვევებში. ამ სასანქციო სიაში უნდა მოხვდნენ პროკურორები, მოსამართლეები, დეზინფორმაციის გამავრცელებლები, პროპაგანდისტები და "რეჟიმის მხარდამჭერებიც". 

ასევე ბელარუსს უნდა ეთქვას უარი ყველანაირ ფინანსურ დახმარებაზე. 

კენჭისყრა ევროპარლამენტში დღეს გაიმართა და რეზოლუციას მხარი 626 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 16 იყო წინააღმდეგი, ხოლო 36-მა ხმის მიცემისგან თავი შეიკავა. 

რა საერთაშორისო რეაქცია მოჰყვა აქტივისტის დაკავებას?ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ გასცა ბრძანება, რომ საბერძნეთიდან ლიეტუვაში მიმავალი თვითმფრინავი დედაქალაქ მინსკში დაეშვათ, რადგან ბორტზე ბელარუსი ოპოზიციონერი აქტივისტი/ჟურნალისტი იმყოფებოდა.

კერძოდ, 23 მაისს, თვითმფრინავმა, რომელიც ათენიდან ვილნიუსში მიფრინავდა და თითქმის ლიეტუვის საჰაერო ტერიტორიაზე იმყოფებოდა, მიმართულება შეიცვალა და მინსკში გაფრინდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც თვითმფრინავის ეკიპაჟს უთხრეს, რომ ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო დამონტაჟებული. ამის შემდეგ, ალექსანდრ ლუკაშენკოს პირადი ბრძანებით, Ryanair-ის თვითმფრინავს მიმართულება იძულებით, საბრძოლო თვითმფრინავის დახმარებით​ შეაცვლევინეს. 

თვითმფრინავის მინსკში დაშვების შემდეგ, ბელარუსმა სამართალდამცველებმა 26 წლის რომან პროტასევიჩი დააკავეს. ის ბელარუსში ძებნილად მას შემდეგ გამოაცხადეს, რაც აქტივისტ/ჟურნალისტი ალექსანდრ ლუკაშენკოს წინააღმდეგ გამართულ აქციებში იღებდა მონაწილეობას.

ევროკავშირი პროტასევიჩის დაპატიმრების გამო ბელარუსს სამმილიარდიან საინვესტიციო პაკეტს უჩერებს და იქამდე გაუყინავს, "სანამ ქვეყანა დემოკრატიის რელსებზე არ დაბრუნდება".

ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ ბელარუსელი აქტივისტ-ჟურნალისტის დაკავებას ტერორისტულ აქტად შეაფასა

მოგვიანებით ფაქტს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მკაცრად გმობს "ალექსანდრ ლუკაშენკოს რეჟიმის თავხედურ და შოკისმომგვრელ ქმედებას, შეცვალოს კომერციული ფრენა და დააკავოს ჟურნალისტი". 

მოგვიანებით, ევროკავშირმა ბელარუსის კომპანიებს საკუთარ ავიასივრცეში ფრენა და აეროპორტების გამოყენება აუკრძალა

აღსანიშნავია, რომ მომხდარს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროც გამოეხმაურა, თუმცა, თავისი განცხადებით არ დაუგმია მომხდარი და არ უხსენებია დაკავებული ჟურნალისტი. 


close დახურვა