logo

IDFI: ახალი კანონი რადიკალურად ცვლის კიბერუსაფრთხოების სისტემას და შეიცავს რისკებს

11 ივნ 202118:47
3 წუთის საკითხავი
clock 150
IDFI: ახალი კანონი რადიკალურად ცვლის კიბერუსაფრთხოების სისტემას და შეიცავს რისკებს

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის შეფასებით, პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებები "ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ" კანონში რადიკალურად ცვლის საქართველოს კიბერუსაფრთხოების სისტემას და შეიცავს მნიშვნელოვან რისკებს. 

IDFI ამბობს, რომ ინიცირებული ცვლილებები, დარეგისტრირების დღიდან, ფართო მსჯელობისა და კრიტიკის საგანია სამოქალაქო საზოგადოების, კერძო სექტორისა და სფეროს ექსპერტების მხრიდან. 

"შეიძლება ითქვას, რომ ახალი კანონით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს (OTA-ს) ეძლევა შესაძლებლობა, გააჩნდეს პირდაპირი წვდომა საკანონმდებლო, აღმასრულებელი თუ სასამართლო ხელისუფლების, ასევე სატელეკომუნიკაციო სექტორის ინფორმაციულ სისტემებზე და არაპირდაპირი წვდომა სისტემებში დაცულ პერსონალურ და კომერციულ ინფორმაციაზე. ძალოვან უწყებას ეძლევა შესაძლებლობა, ჰქონდეს წვდომა პერსონალურ მონაცემებთან, რამდენადაც, ნორმათა ბუნდოვანება აჩენს პერსონალურ მონაცემთა არაკანონიერად და არაპროპორციულად დამუშავების რეალურ საშიშროებას", - წერია განცხადებაში. 

ვისზე ვრცელდება ახალი კანონი ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ?

ახალი კანონის მოქმედება ვრცელდება სუბიექტების 3 კატეგორიაზე:

ა) პირველი კატეგორიის სუბიექტებში შეიძლება მოხვდეს ყველა სახელმწიფო ორგანო და დაწესებულება, საჯარო სამართლის იურიდიული პირი და სახელმწიფო საწარმო. პირველი კატეგორიის სუბიექტებზე ყველაზე მკაცრი რეგულაციები ვრცელდება, რაც ნიშნავს, რომ მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ ნებისმიერი ასეთი დაწესებულების (მაგალითად საქართველოს პარლამენტი, პრეზიდენტის ადმინისტრაცია, ქალაქ თბილისის მერია, ცენტრალური საარჩევნო კომისია, საქართველოს რკინიგზა და ა.შ.) ინფორმაციულ აქტივებზე, ინფორმაციული სისტემებსა და ინფრასტრუქტურაზე სრული წვდომა ეძლევა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სსიპ ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოს;

ბ) მეორე კატეგორიის სუბიექტებში მოხვდნენ ელექტრონული კომუნიკაციების კომპანიები, რაც ნიშნავს, რომ სატელეკომუნიკაციო კომპანიები, ინტერნეტ-პროვაიდერები და ა.შ. ასევე ძალოვანი უწყების მკაცრი მონიტორინგის ქვეშ მოექცნენ;

გ) მესამე კატეგორიის სუბიექტებში მოიაზრება მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული კერძო სამართლის იურიდიული პირები, როგორებიც, მაგალითად, არიან ბანკები და ფინანსური ინსტიტუტები. მათზე კანონი შედარებით ლოიალურ რეგულაციებს ავრცელებს, რაც ნიშნავს, რომ მესამე კატეგორიის სუბიექტებზე ზედამხედველობას განახორციელებს იუსტიციის სამინისტროს სსიპ ციფრული მმართველობის სააგენტო.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, პარლამენტმა 77 ხმით 2-ის წინააღმდეგ, "ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ" კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა. 

close დახურვა