logo

შაბათის ფორმულა: პანსიონის ყოფილ აღსაზრდელებს ჩვენების შეცვლას აიძულებენ და აშანტაჟებენ

12 ივნ 202120:12
3 წუთის საკითხავი
clock 297

ნინოწმინდის პანსიონის ყოფილი აღსაზრდელები ამბობენ, რომ მუდმივი შანტაჟის ქვეშ არიან. ყოფილი ბენეფიციარების თქმით, მათგან მოითხოვენ არ ილაპარაკონ და რაც უკვე საჯაროდ ან გამოძიებასთან თქვეს, უარყონ.

შაბათის ფორმულასთან საუბარში მათი ადვოკატები ყვებიან, რომ პანსიონის დატოვების და ჩვენების მიცემის შემდეგ, ყოფილი აღსაზრდელები მუდმივი ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ არიან.

"მუქარა ჯანმრთელობაზე, სიცოცხლეზე...მიმდინარეობს ბავშვებზე ზეწოლა, რომ მათ არ ითანამშრომლონ გამოძიებასთან, შეცვალონ ჩვენებები", - ამბობს PHR-ის წარმომადგენელი ანა აბაშიძე. 

უწყვეტ რეჟიმში მიმდინარე დაშინებასა და მუქარაზე პასუხისმგებლობის ნაწილს იურისტები საპატრიარქოსაც აკისრებენ და ამბობენ, რომ მათი სტრატეგია ბავშვებს შორის დაპირისპირებას აღვივებს და დანაშაულებრივია.

"ნაცვლად იმისა, რომ საპატრიარქო დაფიქრებულიყო ძალადობის პრაქტიკებზე, ადეკვატური მიმართება ჰქონოდა, ის პროპაგანდისტულ საინფორმაციო ინსტრუმენტებს იყენებს და ახალგაზრდებს აპირისპირებს ერთმანეთთან", - აღნიშნა ანა მიქელაძე, შაბათის ფორმულასთან საუბარში. 

შაბათის ფორმულა დაუკავშირდა საპატრიარქოს, თუმცა არაერთი მცდელობის მიუხედავად პრესმდივანმა მამა ანდრია ჯაღმაიძემ არც ჩვენს სატელეფონო ზარებს და არც შეტყობინებებს უპასუხა.

ნინოწმინდის პანსიონი 29 ბავშვმა უკვე დატოვა, თუმცა ადგილზე რჩება 23 არასრულწლოვანი, რომელთა მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია არავის აქვს. სასამართლო განჩინების აღსრულება, რომელშიც ბავშვების დაუყოვნებელ გამოყვანაზე იყო საუბარი, ამ დრომდე შეფერხებით მიდის. ადგილზე მუშაობენ სოციალური მუშაკები, თუმცა მედიასთან საუბარს მათ სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოში უკრძალავენ.

close დახურვა