logo

პროკურატურა ნინოწმინდაზე: მიცემული ჩვენების გამო მოწმეს ბიძა ემუქრებოდა, ის დააკავეს

12 ივნ 202119:26
3 წუთის საკითხავი
clock 642
პროკურატურა ნინოწმინდაზე: მიცემული ჩვენების გამო მოწმეს ბიძა ემუქრებოდა, ის დააკავეს

პროკურატურის ინფორმაციით, ნინოწმინდის პანსიონის საქმეზე ერთ-ერთი მოწმის, გ.ჩ.-ს მიმართ მუქარისთვის მის ბიძას, ჩ.გ.-ს ბრალი წარედგინა.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, გ.ჩ დაზარალებულად ცნეს და შესთავაზეს მისი და ოჯახის წევრების თავშესაფარში გადაყვანა.

უწყებაში ამბობენ, რომ სამართალდამცველებმა ჩ.გ. 11 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარედგინა.  

"გამოძიების დაწყების საფუძველი გ.ჩ.-ს ადვოკატის განცხადება გახდა, რომლის თანახმად, ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებით წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეში, მოწმის სახით გამოკითხულ პირს - გ.ჩ.-ს სიცოცხლის მოსპობით საკუთარი ბიძა - ჩ.გ. ემუქრებოდა. აღნიშნული განცხადებით მომართვისთანავე, შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რა დროსაც გამოიკითხა გ.ჩ., რომელმაც გამოძიებას მიაწოდა ინფორმაცია ბიძის ჩ.გ.-ს მიერ მის მიმართ განხორციელებული მუქარის, კერძოდ, სიცოცხლის მოსპობის თაობაზე. ასევე, გამოიკითხა გ.ჩ.-ს მეუღლე.

პროკურატურა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ამ დრომდე თავს იკავებდა აღნიშნული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების კომენტირებისგან. ამასთან, ადვოკატი და დაზარალებული გ.ჩ. ითხოვდნენ საგამოძიებო მოქმედებების კონფიდენციალურად ჩატარებას იმ მიზეზით, რომ მოწმის მიმართ მუქარა ხორციელდებოდა უშუალოდ ოჯახის წევრის მხრიდან და საფრთხე იყო რეალური. მიუხედავად დაზარალებულის სურვილისა, გარკვეული არასამთავრობო ორგანიზების წარმომადგენლების მხრიდან მოხდა აღნიშნული ფაქტის გახმაურება, რაც მიგვაჩნია, რომ აზიანებს დაზარალებულის ინტერესებს და ხელს უშლის გამოძიების ეფექტიანად წარმართვას.

ბრალდების მხარე, ჩ.გ.-სთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს", - ნათქვამია განცხადებაში. 

ნინოწმინდის პანსიონი საპატრიარქოს ექვემდებარება და მას სხალთელი ეპისკოპოსი სპირიდონი მართავს. სახალხო დამცველი წლებია ლაპარაკობს საპატრიარქოს დაქვემდებარებულ პანსიონებში სავარაუდო ძალადობასა და დასჯის სასტიკ მეთოდებზე, თუმცა, ხელისუფლებას ამ პრობლემის მოსაგვარებლად სათანადო ნაბიჯები არ გადაუდგამს. 

პანსიონის ბენეფიციარები თავადაც ლაპარაკობენ დასჯის სასტიკ მეთოდებზე. საუბრობენ მუდმივად ცემაზე, მათ შორის სკამის ფეხებით და საზურგეებით. ასევე, დასჯის მეთოდად ასახელებენ კვების გამოტოვებას და სხვა ბავშვების ჭამის ყურების იძულებას და ცივი წყლით დაბანას. 

თბილისის საქალაქო სასამართლომ 5 ივნისს, გამოიტანა განჩინება, რომლის მიხედვითაც, ნინოწმინდის პანსიონიდან შშმ ბავშვები დაუყოვნებლივ უნდა გამოიყვანონ და სხვა სახელმწიფო მზრუნველობის დაწესებულებაში გადაიყვანონ: მიმღებ ოჯახებში, მცირე საოჯახო ტიპის თავშესაფრებში ან დაბრუნდნენ ოჯახებში. 

პანსიონში შესვლის უფლებას ომბუდსმენს ამ დრომდე არ აძლევენ.

ნინოწმინდის პანსიონის გარშემო მიმდინარე მოვლენებს კიდევ ერთხელ ეხმაურება გაერო - საერთაშორისო ორგანიზაცია გავრცელებულ განცხადებაში წერს, რომ გმობენ ნებისმიერ მცდელობას, რაც ხელს უშლის სახალხო დამცველის აპარატისა და ქვეყნის სხვა შესაბამისი უწყებების მხრიდან თავიანთი მოვალეობების შესრულებას. 

close დახურვა