logo
ENG



მთავრობას, შესაძლოა, შეზღუდვების დაწესების უფლება კიდევ 6 თვით გაუხანგრძლივდეს

14 ივნ 202119:14
3 წუთის საკითხავი
clock 832
2021/06/14/p8colagqoopoec8.jpg

პარლამენტში დარეგისტრირდა კანონპროექტი, რომელიც მთავრობისთვის პანდემიის სამართავად მინიჭებული უფლებამოსილების გახანგრძლივებას ითვალისწინებს. 

კერძოდ, კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, მთავრობას პანდემიის წინააღმდეგ საბრძოლველად, დროებითი ღონისძიებების გასატარებლად, მინიჭებული უფლებამოსილების ვადა კიდევ ერთხელ გაუგრძელდება. ცვლილებები საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ კანონში უნდა შევიდეს. 

როგორც IDFI-ის განცხადებაშია ნათქვამი, შემაშფოთებელია, რომ დეპუტატები კანონპროექტის განხილვას გამარტივებული წესით ითხოვენ, "რაც ფაქტობრივად შეუძლებელს ხდის ადამიანის ძირითადი უფლებათა შესაძლო დარღვევებზე, ისევე როგორც მათი დაცვის პროცესუალური თუ მატერიალური მექანიზმების გაძლიერებაზე სრულფასოვან საპარლამენტო მსჯელობას".

"უკანასკნელი პერიოდში გამოიკვეთა კოვიდ რეგულაციების შემოღებისა და აღსრულების არაერთი პრობლემა. განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს კომენდანტის საათი, რომელიც ეპიდემიოლოგიური ვითარების რადიკალური ცვლილებების მიუხედავად 8 თვეა უწყვეტად მოქმედებს. არაერთი მტკიცებულება მიუთითებს, რომ საქართველოს მთავრობა გადაადგილების თავისუფლებას არაპროპორციულად ზღუდავს. ამ რისკებს განსაკუთრებით აძლიერებს მთავრობისთვის გადაცმული უფლებამოსილების ფარგლები და მთავრობის საქმიანობის გაუმჭვირვალობა. ასევე შესუსტებული საპარლამენტო, სამოქალაქო თუ სასამართლო კონტროლი აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობაზე.

IDFI მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს არ მიიღოს მთავრობისთვის გადაცემული უფლებამოსილების გაგრძელების გადაწყვეტილება გამარტივებული წესით და ჩაატაროს სრულფასოვანი საპარლამენტო განხილვა. იმსჯელოს მთავრობის მიერ პანდემიის სამართავად განხორციელებული ღონისძიებების პროპორციულობისა და ადამიანის ძირითად უფლებათა დაცვის პრევენციული მექანიზმების გაძლიერების თაობაზე", - წერია ორგანიზაციის განცხადებაში. 

პროექტის ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: დიმიტრი ხუნდაძე, ვლადიმერ კახაძე, ზაალ მიქელაძე, ანტონ ობოლაშვილი, ზაზა ლომინაძე, ირმა ზავრადაშვილი, დავით სერგეენკო. 

კანონრპეოქტის განხილვა დღეს ბიუროს სხდომაზე მოხდა. 

მთავრობისთვის შეზღუდვების ერთპიროვნულად დაწესების უფლება პირველად 2020 წლის მაისში მიენიჭა, ხოლო შემდეგ გასული წლის დეკემბერში - 6 თვით. 

2020 წლის მაისში მიღებული კანონი მთავრობას უფლებამოსილებას ანიჭებს, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის უსაფრთხოების მოტივით საკარანტინო ზომები პარლამენტის თანხმობის გარეშე გამოიყენოს, რასაც რიგი საკონსტიტუციო უფლებებისა და თავისუფლებების, მათ შორის, შეკრების თავისუფლების, გადაადგილების თავისუფლების, საკუთრების, ეკონომიკური და შრომითი უფლებების შეზღუდვები მოჰყვება.

შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში ე.წ. კომენდანტის საათი უკვე 7 თვეა მოქმედებს. აღსანიშნავია, რომ ე.წ. კომენდანტის საათის გაუქმების მოთხოვნით არა ერთი საპროტესტო აქცია გაიმართა, როგორც რიგითი მოქალაქეების ისე ბიზნეს სექტორის მიერ, თუმცა ხელისუფლება გადაადგილების შეზღუდვის შემსუბუქებას არ აანონსებს. 

 


close დახურვა