logo
ENG



აბიტურიენტები, რომლებსაც კოვიდი დაუდასტურდებათ, გამოცდების ჩაბარებას 2 კვირის მერე შეძლებენ

15 ივნ 202114:02
3 წუთის საკითხავი
clock 1249
2021/06/15/v9szqbmu2jx16bp.jpg

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის, ნუნუ მიცკევიჩის თქმით, აბიტურიენტები, რომლებსაც ეროვნული გამოცდების პერიოდში კორონავირუსი დაუდასტურდებათ, საგამოცდო პროცესს არ გამოეთიშებიან.

​როგორც მიცკევიჩმა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ინფიცირების შემთხვევაში აბიტურიენტებს გამოცდების ჩაბარება 2 კვირის შემდეგ, საგანგებოდ შედგენილი ცხრილის მიხედვით შეეძლებათ. 

"მიუხედავად არსებული სიტუაციისა, საგამოცდო პერიოდში დადასტურებული კოვიდის შემთხვევაში, არცერთი გამოსაცდელი პირი არ დარჩება საგამოცდო პროცესის მიღმა. დაგეგმილია დამატებითი საგამოცდო სესიების ჩატარება და შესაბამისად, ყველა საგანში ჩატარდება დამატებითი გამოცდა იმ პირებისთვის, რომლებსაც დაუდასტურდებათ კოვიდი საგამოცდო პერიოდში. ეს პერიოდი განისაზღვრება 14 დღით. არაუადრეს 14 დღისა, ეს პირები დაშვებული იქნებიან გეოგრაფიული დაფარვის მიხედვით შესაბამის საგამოცდო ცენტრებში და მათთვის საგანგებოდ იქნება ცხრილი შედგენილი", - განაცხადა ნუნუ მიცკევიჩმა.

ამასთან, გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფო გორგოძემ თქვა, რომ ცენტრი წელსაც მოაწყობს საკარანტინე სივრცეებს იმ გამოსაცდელებისათვის, რომელთაც აღენიშნებათ ტემპერატურა 37°С და მეტი, მაგრამ არ აქვთ დადასტურებული Covid-19.

მანვე გამოსაცდელებს მოუწოდა, იხელმძღვანელონ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ განსაზღვრული რეკომენდაციებით:

  • მაქსიმალურად დაიცვან სოციალური დისტანცია;
  • მუდმივად ეკეთოთ პირბადე, როგორც გამოცდებზე რეგისტრაციის დროს, ასევე გამოცდების მიმდინარეობისას;
  • ​დაიმუშავონ ხელები ადგილზე განთავსებული სადეზინფექციო ხსნარით.​
 

close დახურვა