logo
ENG



კორძაია: უწყებებმა უნდა უზრუნველყონ მარშის ჩატარება, მოძალადეებს მიუჩინონ თავიანთი ადგილი

18 ივნ 202111:51
3 წუთის საკითხავი
clock 1195
კორძაია: უწყებებმა უნდა უზრუნველყონ მარშის ჩატარება, მოძალადეებს მიუჩინონ თავიანთი ადგილი
ვახო ქარელი/ფორმულა

თამარ კორძაია მოუწოდებს სახალხო დამცველს, პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშის წარდგენის ფარგლებში შეახსენოს სხვადასხვა უწყებასა და საპარლამენტო კომიტეტებს, რომ უზრუნველყონ ღირსების მარშის ჩატარება.

თამარ კორძაია გამოეხმაურა ირაკლი კობახიძის განცხადებასაც. მისი აზრით, ქართული ოცნების მოქმედი თავმჯდომარე ვერ აცნობიერებს კონსტიტუციის ძირითად პრინციპებს, როდესაც ამბობს, რომ "ამ ადამიანებს [ლგბტქ აქტივისტებს] უარი უნდა ეთქვათ ამ ღონისძიების ჩატარებაზე".

„გუშინ მოვისმინეთ კობახიძის განცხადება, რომელმაც თქვა, რომ არ უნდა დართონ ნება ღირსების პრაიდის ჩატარებასთან დაკავშირებით. ერთია, რომ პარლამენტის წევრს და წამყვანი პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარეს არ ესმის, რას ითხოვს კონსტიტუცია. გთხოვთ, გააჟღეროთ მოწოდება, რომ შსს-მ და ყველა უწყებამ, მათ შორის, ადამიანის უფლებათა კომიტეტმა, გააცნობიეროს, რომ ღირსების მარშის ჩატარება უნდა უზრუნველყონ ღირსეულად, ყოველგვარი ძალადობის გარეშე და მოძალადეებს მიუჩინონ თავიანთი ადგილი", - განაცხადა თამარ კორძაიამ.

ირაკლი კობახიძემ გუშინ ტვ პირველის ეთერში განაცხადა, რომ პრაიდის ორგანიზატორები მეტი პასუხისმგებლობით უნდა ეკიდებოდნენ საკითხს და ღონისძიება არ უნდა დაეგეგმათ. 

 

 

15 ივნისს პროპუტინური, ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფების ლიდერმა, ლევან ვასაძემ ქართულ ოცნებას 10-დღიანი ვადა მისცა, გააუქმონ 5 ივლისს დაგეგმილი "ღირსების მარში".

მან მუქარის შემცველი განცხადება გააკეთა და ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენა - მოუწოდა მთავრობას, არ მისცენ საბაბი "ესკალაციასა" და "დაპირისპირებას".

"დღეს ხომ არის 15 ივნისი, ვადას ვაძლევთ 25 ივნისამდე, გააუქმონ, რათა არ მისცენ საბაბი ქვეყანაში ესკალაციისა და დაპირისპირების პროცესების განვითარებას, ჩვენი ქვეყნის დისკრედიტაციას ჩვენს უშუალო სამეზობლოში", - ამბობს ვასაძე.

"ღირსების მარში სოლიდარობისთვის" - ამ სლოგანით 5 ივლისს რუსთაველის გამზირზე ლგბტქ აქტივისტები და სხვა მხარდამჭერები შეიკრიბებიან.

ორგანიზატორების ცნობით, აქციაზე მივლენ, როგორც "თბილისი პრაიდის" წევრები, ასევე სამოქალაქო აქტივისტები, მხარდამჭერები და პოლიტიკოსები.

ამ ფორმით ისინი, მიმდინარე პოლიტიკურ და კულტურულ პროტესტს გამოუცხადებენ სოლიდარობას. 

"ქვიარ თემის წევრები, ოჯახის წევრები და მხარდამჭერები ხმამაღლა და ამაყად ვაცხადებთ, რომ ჩვენ გამოვდივართ სოლიდარობისთვის!" - წერია ორგანიზატორების განცხადებაში.

ისინი სახელმწიფოსგან მოითხოვენ:

  • უზრუნველყოს ადამიანზე ორიენტირებული პოლიტიკის წარმოება;
  • შეასრულოს პოზიტიური ვალდებულება თანასწორი გარემოს შესაქმნელად, ჰომოფობიის, სტიგმისა და დისკრიმინაციის დასაძლევად;
  • უზრუნველყოს სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების ჯეროვანი გამოძიება და დაიცვას სამართლიანობის პრინციპი;
  • დაიცვას თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება და გამოხატვის თავისუფლება, მიუხედავად სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობისა.

უზრუნველყოს სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების ჯეროვანი გამოძიება და დაიცვას სამართლიანობის პრინციპი;

დაიცვას თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება და გამოხატვის თავისუფლება, მიუხედავად სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობისა.

თბილისი პრაიდის წარმომადგენლები მოუწოდებენ საზოგადოებას ერთად შეებრძოლონ უსამართლობას.


close დახურვა