logo
ENG



EU-მ, ბრიტანეთმა, აშშ-მ და კანადამ ბელარუსს დამატებითი სანქციები დაუწესეს

21 ივნ 202120:44
3 წუთის საკითხავი
clock 1805
EU-მ, ბრიტანეთმა, აშშ-მ და კანადამ ბელარუსს დამატებითი სანქციები დაუწესეს

EU-მ, ბრიტანეთმა, აშშ-მ და კანადამ ბელარუსს რომან პროტასევიჩის დაკავების გამო დამატებითი სანქციები დაუწესა. 

სახელმწიფოების ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ ისინი გამოხატავენ ღრმა შეშფოთებას ლუკაშენკას რეჟიმის განგრძობადი თავდასხმების შესახებ ადამიანის უფლებების, ფუნდამენტური თავისუფლებების და საერთაშორისო სამართლის მიმართ.

"დღეს ჩვენ დავაწესეთ კოორდინირებული სანქციები 23 მაისს რაინეარის კომერციული თვითმფრინავის იძულებით დაშვების გამო, როცა ის ევროკავშირის ერთი ქვეყნიდან მეორეში მიფრინავდა და როცა პოლიტიკური მოტივით დააპატიმრეს ჟურნალისტი რომან პროტასევიჩი და მისი თანხმლები, სოფია საპეგა. ასევე იმიტომ, რომ გრძელდება თავდასხმა ადამიანის უფლებებსა და ფუნდამენტური თავისუფლებებზე.  

ჩვენ მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ ბელარუსი ხალხის გრძელვადიან და დათრგუნულ დემოკრატიულ მისწრაფებებს და ვდგავართ ერთად, რათა რეჟიმს დავაკისროთ ხარჯები საერთაშორისო ვალდებულებების აშკარა უგულებელყოფის გამო. 

ჩვენ ერთად მოვუწოდებთ რეჟიმს, დაასრულოს რეპრესიები თავისი ხალხის მიმართ. 

ჩვენ იმედგაცრუებულები ვართ, რომ რეჟიმმა აირჩია, თავი აერიდებინა ადამიანის უფლებების კუთხით საერთაშორისო ვალდებულებებისთვის, დემოკრატიული პრინციპების ერთგულებისა და საერთაშორისო საზოგადოებასთან კავშირისთვის. 

ჩვენ მოვუწოდებთ ლუკაშენკოს რეჟიმს, სრულად ითანამშრომლოს საერთაშორისო გამოძიებასთან 23 მაისს მომხდარის შესახებ;

დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრები; 

შეასრულოს დამოუკიდებელი საექსპერტო მისიის ყველა რეკომენდაცია ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში; 

მონაწილეობა მიიღოს ყოვლისმომცველ და ჭეშმარიტ პოლიტიკურ დიალოგში ხელისუფლებას, დემოკრატიული ოპოზიციის წარმომადგენლებსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის, რომელსაც ფასლიტიკაციას ეუთო გაუწევს". - ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში. 

რომან პროტასევიჩი ბელარუსი ბლოგერი, ფოტოგრაფი, აქტივისტი და ჟურნალისტია. ის ოპოზიციური მედიის NEXTA-ს ერთ-ერთი დამფუძნებელია და ამავე სააგენტოს მთავარი რედაქტორიც იყო. ეს სააგენტო აქტიურად აშუქებდა ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ალექსანდრ ლუკაშენკოს წინააღმდეგ დაწყებულ საპროტესტო ტალღას. გარდა ამისა, პროტასევიჩი ლუკაშენკოს მთავარი ოპონენტის სვეტლანა ტიხანოვსკაიას გუნდშიც იყო. ის კოორდინირებას უწევდა სხვადასხვა საპროტესტო აქციას. 

2021 წლოს 23 მაისს რომან პროტასევიჩი დააკავეს. დაკავებამდე ის ბელარუსში ძებნილად იყო გამოცხადებული.

ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ გასცა ბრძანება, რომ საბერძნეთიდან ლიეტუვაში მიმავალი თვითმფრინავი დედაქალაქ მინსკში დაესვათ, რადგან ბორტზე პროტასევიჩი იმყოფებოდა.

თვითმფრინავმა, რომელიც ათენიდან ვილნიუსში მიფრინავდა და თითქმის ლიეტუვის საჰაერო ტერიტორიაზე იმყოფებოდა, მიმართულება შეიცვალა და მინსკში გაფრინდა - თვითმფრინავის ეკიპაჟს უთხრეს, რომ ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო დამონტაჟებული. ამის შემდეგ, ალექსანდრ ლუკაშენკოს პირადი ბრძანებით, Ryanair-ის თვითმფრინავს მიმართულება იძულებით, საბრძოლო თვითმფრინავის დახმარებით​შეაცვლევინეს

დაკავების შემდეგ რომან პროტასევიჩს სასტიკად სცემეს. 

აქტივისტის მამა ამბობს, რომ თავდაპირველად მის დახრჩობასაც ცდილობდნენ და რომ ხელებზე ახლაც ატყვია ბორკილების კვალი. დმიტრი პროტასევიჩის თქმით, მისი შვილი დააშინეს. 

პრესკონფერენციაზე გამოჩენამდე ბელარუსის სამთავრობო მედიებმა დაკავებული რომან პრატასევიჩის მიმართვაც გამოაქვეყნეს, რომელშიც ის "აღიარებით ჩვენებას აძლევს" მინსკში მასობრივი არეულობების ორგანიზებასთან დაკავშირებით და აცხადებს, რომ გამოძიებასთან თანამშრომლობს. 


close დახურვა