logo
ENG



გახარია: სახელმწიფომ ვერ დაიცვა ვერც ლექსო ლაშქარავა და ვერც სხვები, ინსტიტუტები ჩამოშლილია

13 ივლ 202113:13
3 წუთის საკითხავი
clock 1891
ფორმულა

​ყოფილი პრემიერმინისტრი, პარტიის საქართველოსთვის თავმჯდომარე გიორგი გახარია ძალადობრივი ჯგუფების მიერ სასტიკად ნაცემი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და განაცხადა, რომ სახელმწიფომ მისი ძირითადი ფუნქცია ვერ შეასრულა.

მისი თქმით, ქვეყანაში განვითარებული მოვლენები ადასტურებს, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები "ჩამოშლილია". 

"კიდევ ერთხელ მინდა ღრმა მწუხარება გამოვთქვა მისი ოჯახის წინაშე, მედიის, ჟურნალისტების წინაშე. ის რაც მოხდა 5 ივლისს, როდესაც სახელმწიფომ მისი ძირითადი ფუნქცია ვერ შეასრულა და ვერ დაიცვა ვერც ლექსო ლაშქარავა, ვერც სხვა ჟურნალისტები, სხვა მოქალაქეები, ჩემთვის უკვე საკმარისზე მეტია. არ მჭირდება დიდი გამოძიებები, რომ დასკვნები გავაკეთო. მე აქ ვხედავ ძირითად მიზეზს - როდესაც სახელმწიფო თავის საბაზისო ფუნქციას ვერ ასრულებს, ეს ნიშნავს უკვე ჩამოშლილ ინსტიტუტებს", - თქვა გახარიამ.

რაც შეეხება ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, რომ მოქალაქეებს მოსალოდნელი ძალადობის შესახებ აფრთხილებდნენ, ყოფილი პრემიერი ამბობს, რომ ეს მათ მდგომარეობას უფრო მეტად ამძიმებს.

"ეს ყველაფერი რა თქმა უნდა, სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა. როდესაც ქვეყანაში ხდება ძალადობა, ვინც არ უნდა იყოს ამის უკან, ვინც არ უნდა იყოს ამის ორგანიზატორი, წამხალისებელი, რა თქმა უნდა, ეს არის სახელმწიფო ინსტიტუტების ვალდებულება დაიცვას ჯანმრთელობა და სიცოცხლე თითოეული მოქალაქის. ის რომ სახელმწიფომ წინასწარ რაღაც იცოდა და გაგვაფრთხილა, მხოლოდ ამძიმებს მის მდგომარეობას. სახელმწიფო მოღვაწეებმა, რომლებიც საუბრობენ გონორით, ხომ გაგაფრთხილეთო, ეს უნდა გაითვალისწინონ", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

TV პირველის ოპერატორს, ლექსო ლაშქარავას მოძალადე ჯგუფები განსაკუთრებული სისასტიკით 5 ივლისს, მოძრაობა სირცხვილიას ოფისთან გაუსწორდნენ. მას სახის ძვლები ჰქონდა მოტეხილი და ოპერაცია დასჭირდა.

11 ივლისს ლაშქარავა დედამ საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვა. გარდაცვლილის ცხედრის ექსპერტიზას მისი ოჯახი ეწინააღმდეგებოდა, თუმცა მიუხედავად ამისა, კრიმინალისტებმა ლექსო ლაშქარავას ცხედარი მისი საცხოვებელი სახლიდან ტომრით გაიტაცეს

შსს ლაშქარავას გარდაცვალებას ნარკოტიკებით შესაძლო ზედოზირებას უკავშირებს და არაფერს ამბობს იმაზე, რომ სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე ის ძალადობრივმა ჯგუფებმა სასტიკად სცემეს, პოლიციამ კი ტელეოპერატორი არ დაიცვა. 12 ივლისს უწყებაში განაცხადეს, რომ "ექსპერტიზის შუალედური დასკვნით, ლაშქარავას სიკვდილის მიზეზი ნარკოტიკით ზედოზირება გახდა".

აღსანიშნავია, რომ სანამ შსს ნარკოტიკებით ზედოზირების საკითხს წამოწევდა,  ეს ვერსია პრორუსულ, შავრაზმულ, პროსახელისუფლებო მედიაში ვრცელდებოდა. 

მაგალითად, მარშალპრესით გავრცელდა ვინმე იოსებ ხიმშიაშვილის განცხადება, რომელსაც mpn.ge პოლიტიკოსად მოიხსენიებს და რომელიც ამბობს:

"გარდაცვლილი ლაშქარავა იყო ნარკომანი, რაც იცის ყველამ, მათ შორის მისმა მეგობრებმა იყო მეტადონის პროგრამის მონაწილე სულ არ იქნება გასაკვირი, რომ ის იყოს გარდაცვლილი "პერედოზით". 

იმავე შინაარსის კომენტარებს წერდნენ სხვადასხვა გვერდზე პროსახელისუფლო განწყობების მქონე ადამიანები და ტროლ-ანგარიშები. 

ლაშქარავას გარდაცვალების გამო, უკვე მესამე დღეა მედიის წარმომადგენლები, სამოქალაქო აქტივისტები და რიგითი მოქალაქეები მთავრობის გადადგომის მოთხოვნით აქციებს მართავენ. ისინი აცხადებენ, რომ ლაშქარავას გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება და, შესაბამისად, პასუხიც ხელისუფლების წარმომადგენლებმა და მოძალადეებმა უნდა აგონ.


close დახურვა