logo
ENG



პალიკო, ჯამა, მუხო, ლაპუხა და კიდევ 4 პირი "ქურდულ სამყაროსთან" კავშირისთვის დააკავეს

20 ივლ 202111:44
3 წუთის საკითხავი
clock 2928

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, "ქურდული სამყაროს" წევრობის, "ქურდული სამყაროს" საქმიანობის მხარდაჭერისა და "ქურდული სამყაროს" წევრისთვის მიმართვის ბრალდებით თბილისსა და მარნეულში 8 პირი დააკავეს.

დაკავებულები არიან: 1969 წელს დაბადებული პ. გ. (მეტსახელად „პალიკო“), 1980 წელს დაბადებული ზ. გ. (მეტსახელად „მუხო“), 1964 წელს დაბადებული ჯ. გ. (მეტსახელად „ჯამა“), 1995 წელს დაბადებული ვ. გ., 1983 წელს დაბადებული დ. დ., 1991 წელს დაბადებული დ. ა., 1983 წელს დაბადებული ვ. გ. (მეტსახელად „ლაპუხა“), 1963 წელს დაბადებული ა. ო.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთ მოქალაქეს ბრალდებულ ა.ო.-სთან პროცენტიან სესხთან დაკავშირებით ფინანსური დავა წარმოექმნა.

ა.ო., სადავო საკითხის „ქურდული წესების“ შესაბამისად განხილვისა და დავის თავის სასარგებლოდ გადაწყვეტის მიზნით, ერთ-ერთი ბრალდებულის - დ.ა.-ს მეშვეობით დაუკავშირდა "ქურდული სამყაროს" წევრებს, ასევე ბრალდებულებს. აღნიშნულმა პირებმა ა.ო.-ს საკუთარი მატერიალური სარგებლის მიღების სანაცვლოდ დახმარება აღუთქვეს.

ბრალდებულებმა 2021 წლის აპრილსა და მარტში, თბილისში, ერთ-ერთ უბანში მდებარე საცხოვრებელ სახლში ფინანსური დავის „ქურდული წესით“ გარჩევა მოაწყეს.

დავის „ქურდული წესით“ გარჩევის შედეგად მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, დაზარალებული მოვალისგან - ა.ო.-სგან სადავო თანხას - 26 ათასი აშშ დოლარს ვერ მიიღებდა, რადგან მისი საქმიანობა „ქურდული სამყაროს“ წესებს არ შეესაბამებოდა.

პოლიციამ, ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო კომპიუტერული ტექნიკა და ბრალდებულების მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი „ქურდული შეხვედრების“ ორგანიზებისთვის ერთმანეთს უკავშირდებოდნენ", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, 223-ე მე-3 პრიმა მუხლის მეორე ნაწილით და 223-ე მე-4 პრიმა მუხლის პირველი ნაწილებით მიმდინარეობს. დანაშაულები 3-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


close დახურვა